თამარ ჩიბურდანიძე: ჩინეთში შეხვედრებს თან სდევდა ერთი ხილული ჭეშმარიტება – ერთი ბეწო ქვეყანა გიგანტ სახელმწიფოსთან თანასწორუფლებიან გარემოში პოზიციონირებდა და ეს იყო საუკეთესო შეგრძნება ჩვენთვის
პარტია “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე საქართველოს დელეგაციის ჩინეთში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“ნუთუ არ შეეძლო დასავლეთს მსგავსი სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენთან? 30 წელი სრულიად საკმარისი იყო ჩვენისთანა პატარა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის. არც ამხელა მიგრაცია გვექნებოდა და არც ასეთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა”- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ დასავლეთს დამოუკიდებელი საქართველო არ სჭირდებათ, მათ სჭირდებათ მორჩილი საქართველო, თუმცა დღეს სხვა რეალობაა.
მისივე თქმით, ამ დღეების ქრონიკებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ხელისუფლების მიერ არჩეული კურსის სისწორეში და გარდაუვალ წარმატებაში.
“საქართველოს მთავრობის ვიზიტი ჩინეთში დასრულდა. ამ დღეების ქრონიკებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ხელისუფლების მიერ არჩეული კურსის სისწორეში და გარდაუვალ წარმატებაში. უმაღლესი დონის შეხვედრები და საქართველოს სახელმწიფოს იმიჯი იხილეს არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ მთელს მსოფლიოში. ამ შეხვედრებს თან სდევდა ერთი ხილული ჭეშმარიტება – ერთი ბეწო ქვეყანა გიგანტ სახელმწიფოსთან თანასწორუფლებიან გარემოში პოზიციონირებდა და ეს იყო საუკეთესო შეგრძნება ჩვენთვის. ეროვნული ღირსების შენარჩუნება, მდგრადი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი ღია დეკლარირება ჩინეთის ხელისუფლებისგან, რაც გამთლიანების რეალურ იმედს ბადებს.
ამ პროცესების პარალელურად ვაანალიზებთ მთელს განვლილ პერიოდს და ვსვამთ კითხვას, ნუთუ არ შეეძლო დასავლეთს მსგავსი სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენთან? 30 წელი სრულიად საკმარისი იყო ჩვენისთანა პატარა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის. არც ამხელა მიგრაცია გვექნებოდა და არც ასეთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. ამ კითხვაზე პასუხი ყველამ ვიცით, მათაც კი, ვინც ღიად არ საუბრობს ამაზე. რა თქმა უნდა, შეეძლო, მაგრამ მათ არ სჭირდებოდათ მდიდარი და სუვერენული საქართველო. მათ სჭირდებოდათ ისეთი, როგორიც იყო ჩვენი ქვეყანა – მორჩილი და გრანტებზე დამოკიდებული მუდმივი შანტაჟის ქვეშ.
დღეს სხვა რეალობაა და ამას ვუყურებთ ყოველ დღე, მსოფლიოს წამყვან უძლიერეს სახელმწიფოებთან თანამშრომლობის სახით. ამ პროცესებს ვეღარავინ შეაჩერებს, მთავარია შიდა სახელმწიფოებრივი დარგობრივი პოლიტიკა მიჰყვეს იმ ტემპებს, რა სიჩქარითაც საერთაშორისო პროცესებში ვდომინირებთ,”- წერს თამარ ჩიბურდანიძე.