გიორგი სოსიაშვილი: ჩანაწერებით დადასტურდა ოპოზიციის მტრული საქმიანობა და უცხოეთის სპეცსამსახურებთან გარკვეული კოლაბორაცია

„ჩანაწერებით დადასტურდა ოპოზიციის მტრული საქმიანობა და უცხოეთის სპეცსამსახურებთან გარკვეული კოლაბორაცია,“- ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა ბრალდებულ ოპოზიციონერებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი სცენარი იყო დაწერილი საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მთავარი მიზანი იყო საზოგადოებისთვის მოეჩვენებინათ, რომ თითქოს ეს ბუნებრივი პროცესებია, სინამდვილეში კი, ამაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ხელი ერია.

“ჩვენ ძალიან ხშირად ვახსენებდით საზოგადოებას ამ ხალხის აგენტურულ საქმიანობაზე. ამ ჩანაწერებით დადასტურდა მათი მტრული საქმიანობა და უცხოეთის სპეცსამსახურებთან გარკვეული კოლაბორაცია. რას ნიშნავს ეს? – საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგროვებ ინფორმაციას, რომ მოახდინო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, დამხობა და აქედან ეხმარები შენი სახელმწიფოს წინააღმდეგ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს. დიდი სცენარი იყო დაწერილი საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მთავარი მიზანი იყო საზოგადოებისთვის მოეჩვენებინათ, რომ თითქოს ეს ბუნებრივი პროცესებია, სინამდვილეში კი, ამაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ხელი ერია ქართული აგენტურის წარმომადგენლების დახმარებით და ამ სცენარში ყველას თავისი როლი ჰქონდა გადანაწილებული,”- აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.

ცნობისთვის, საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ, ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ზურაბ ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები