პენტაგონი რუსეთს აშშ-სთვის “მწვავე საფრთხედ” აფასებს
პენტაგონი რუსეთს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის “მწვავე საფრთხედ” მიიჩნევს.
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოების საიდუმლო სტრატეგიაშია ნათქვამი, რომელიც კონგრესს წარედგინა, – იტყობინება CNN-ი.
დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი ჩინეთიდან მომდინარე „მრავალმხრივი“ საფრთხე, ასევე, „მწვავე საფრთხე“ რუსეთის მხრიდან.
სტრატეგია მომზადდა ბირთვული პოლიტიკისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გათვალისწინებით.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მთავარ პრიორიტეტად სამშობლოს დაცვას მიიჩნევს და ჩინეთს “ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ კონკურენტად” აფასებს.
პენტაგონის სხვა მთავარი პრიორიტეტებია – სტრატეგიული თავდასხმების შეკავება, აგრესიები, საჭიროების შემთხვევაში – კონფლიქტებში წარმატებისთვის მზადყოფნა და მდგრადი გამაერთიანებელი ძალების შექმნა.
დოკუმენტში ასევე საუბარია ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და მთელი რიგი ექსტრემისტული ორგანიზაციების აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე.