გიორგი ვაშაძე: ყველა შეხვედრაზე მიწევს მტკიცება, რომ საქართველოს ეკუთვნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრება
“ჩვენი ხელისუფლების ორაზროვანი და გაურკვეველი განცხადებები დასავლელ პარტნიორებს ბევრ კითხვას უჩენს. ყველა შეხვედრაზე მიწევს მტკიცება, რომ საქართველოს ეკუთვნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრება”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
ვაშაძემ უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ პუტინი ერთ რამეში შეცდა – ვერ გათვალა, რომ დასავლურ დემოკრატიულ სახელმწიფოებში გადაწყვეტილებებს იღებს ხალხი და არა – ესა თუ ის პოლიტიკოსი.
“გული მტკივა, რომ ჩვენი ხელისუფლების ორაზროვანი და გაურკვეველი განცხადებები დასავლელ პარტნიორებს ბევრ კითხვას უჩენს. ყველა შეხვედრაზე მიწევს მტკიცება, რომ საქართველოს ეკუთვნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრება. ასევე, მიწევს საქართველოს ხელისუფლებისთვის პირის მოწმენდა უკრაინელ კოლეგებთან, მაგრამ ძალიან თვალშისაცემია მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის ხისტი და ზოგჯერ არაგულწრფელი განცხადებები. მოლდოვაზე ნეგატიურად არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია – სანქციებთან დაკავშირებულ ორაზროვან განცხადებებს პრეზიდენტ ზელენსკიზე გაუგებარი სიტყვიერი თავდასხმებიც ემატება. “ოცნებამ” არ იცის, რომ მათი ნათქვამი ნებისმიერი განცხადება მყისიერად ექცევა ყურადღების ცენტრში?! ყველაფერს თავი დავანებოთ, პირადად შევთავაზე ხელისუფლებას, რომ უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ფორმატი გაგვეკეთებინა, ბრიუსელში ერთად წავსულიყავით და ერთიანი პოზიცია დაგვეფიქსირებინა, მაგრამ მათგან მკვახე უარი მივიღე. მიზეზად ასახელებენ იმას, რომ ოპოზიციასთან არაფრის განხილვას არ აქვს აზრი. სინამდვილეში, მიზეზი ის არის, რომ არ სურთ ევროკავშირში ინტეგრაცია და სასამართლო რეფორმის გატარება. რატომ? იმიტომ, რომ ამ სასამართლოსა და პოლიციაზე დგას მათი ძალაუფლება. ამ სისტემების რეფორმირებისა და დემოკრატიზაციის შემთხვევაში ხელისუფლებაში მათ ყოფნას საფრთხე ექმნება. ურჩევნიათ, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ხელისუფლება. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა ევროპარლამენტარს შევხვდი, ვინც კი საქართველოზე ანგარიშს ამზადებს. ყველას განწყობა ნეგატიურია, ყველა ამბობს, რომ საქართველომ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრება უნდა დაივიწყოს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ არა აქვს ნათელი პოზიცია და რაც ყველაზე მთავარია, დაჩქარებული წესით გაწევრებას დაჩქარებული რეფორმები სჭირდება. “ოცნებას” კი საერთოდ არ სურს რეფორმების გატარება. დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ “ოცნების” ვირეშმაკობით, ტყუილებით, გადაგდებებით… ჯერ მოაწერენ შეთანხმებას ხელს, მერე თავადვე ახდენენ ანულირებას, მერე ექვსი თვე ლაპარაკობენ, ჩვენ მაინც ვატარებთ რეფორმებს, თქვენ ვერ ხედავთო. ამ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში “ქართული ოცნების” მოწყობილი საბავშვო ბაღისთვის არავის სცალია. რამდენიმე ევროპარლამენტარმა პირდაპირ მითხრა, საქმე იქით მიდის, რომ ქართველებს “ქართულ ოცნებასა” და ევროკავშირს შორის არჩევნის გაკეთება მოუწევთო. მე ყველანაირად ვცდილობდი ამეხსნა მათთვის, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირში გაწევრებას, მაგრამ მხოლოდ საუბარი რომ არ კმარა, ეს თქვენც იცით, საქმეა საჭირო.
ბრიუსელში ამ შეხვედრების მიზანი უკრაინა იყო. ჩვენი და უკრაინელი კოლეგების მთავარი პოსტულატი გახლდათ მეტი დაფინანსება, მეტი შეიარაღება უკრაინას და მეტი სანქციები რუსეთს. ეს არის სამკომპონენტიანი სტრატეგია, რომელიც დაეხმარება უკრაინას ამ ომში გამარჯვებაში. ჩვენ ვთქვით, რომ ნახევრად გადადგმული ნაბიჯები შედეგს არ მოიტანს, სანქციები უნდა იყოს მკვეთრი და ყოვლისმომცველი. თქვენ იცით, რომ დაიწყო გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესების განხილვა. ნავთობზე ემბარგოს დაწესება გაცილებით მარტივია, რადგან მისი ჩანაცვლება შესაძლებელია. შედარებით რთულად არის გაზის ჩანაცვლების საკითხი, თუმცა ამერიკა თხევადი გაზის მიწოდების საკითხს განიხილავს და ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც პროგრესი იქნება ახლო მომავალში. შეიძლება ითქვას, გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესება სხვა სანქციების ამოქმედებასთან ერთად რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლას ნიშნავს. ვიყავი ისეთ დისკუსიებზე, სადაც საუბარი იყო, რომ შვედეთმა, ნორვეგიამ და დანიამ, რომლებიც რუსულ გაზზე არ არიან დამოკიდებული, პოლონეთთან, სლოვაკეთთან, სლოვენიასთან, ასევე რუსულ გაზზე დამოკიდებულ ევროპის ქვეყნებთან ერთად გაიღონ ის საფასური, რომლის გაღებაც მოუწევთ რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმით. იყო საუბარი იმის თაობაზეც, რომ ახლა ანგარიშისა და ხარჯების დათვლის დრო კი არა, გადაწყვეტილებების დროა. ევროპაში სულ უფრო ნაკლები ლიდერია, რომელთაც რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე ან კიდევ უფრო გამკაცრებაზე ნეგატიური პოზიცია აქვს, რაც ნიშნავს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. შეიძლება ევროპის კონტინენტზე დარჩეს რამდენიმე ლიდერი, რომელთაც რუსეთის გულშემატკივრობის სურვილი ექნება, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ევროკავშირში გადაწყვეტილებას იღებს ხალხი და არა კონკრეტული პოლიტიკოსები, ხალხი კი რუსეთის წინააღმდეგ არის განწყობილი… ვფიქრობ, უნგრეთის წინააღმდეგობას გატეხენ. უნგრეთი და ურბანი კიდევ ერთი თავსატეხია ევროკავშირისთვის. ამაზეც არაერთი დისკუსია გაიმართა. რაც მთავარია, გერმანია, რომელიც ყოველთვის თავშეკავებული იყო რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, დღეს მკვეთრად გამოხატავს თავის პოზიციას. პუტინი ერთ რამეში შეცდა – ვერ გათვალა, რომ დასავლურ დემოკრატიულ სახელმწიფოებში გადაწყვეტილებებს იღებს ხალხი და არა ესა თუ ის პოლიტიკოსი.
ჩემი აზრით, ზელენსკის ძალიან სწორი სტრატეგია აქვს არჩეული. ის ეფექტურად მუშაობს ევროპელ, ასევე ამერიკელ საზოგადოებასთან და ამ ფორმით აძლიერებს წნეხს ხელისუფლებებზე. ზელენსკის სტრატეგია ასეთია – მოითხოვე მაქსიმუმი, რომ მიიღო მინიმუმი. ის არ არის სტანდარტული პოლიტიკოსი, არ საუბრობს ენის მოჩლექით, პირდაპირ ამბობს სათქმელს. ჯერ რთულია იმაზე საუბარი, თუ რა ტიპის ალიანსი შეიძლება ჩამოყალიბდეს, თუმცა ფაქტია, რომ დასავლეთში ლიდერებს უფრო და უფრო ხშირად უწევთ დინამიკური გადაწყვეტილებების მიღება. რაც მთავარია, მალე უკრაინას შეიარაღების პრობლემა არ ექნება, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები კი უფრო გამკაცრდება. ეკონომიკურ ბრძოლაში რუსეთი მალე სასტიკად დამარცხდება. საინფორმაციო ომში უკვე დამარცხებულია. ახლა აქტიური საუბარი მიდის რუსეთის ოპოზიციასთან, რათა მოსახლეობამ სრული სიმართლე გაიგოს”, – აცხადებს ვაშაძე.