დავით სერგეენკო 32 ექიმს სერტიფიკატებს გადასცემს
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხვალ, პრეჰოსპიტალური და ჰოსპიტალური სექტორის პროფესიული კადრების გადამზადების პროექტის ფარგლებში 32 ექიმს სერტიფიკატებს გადასცემს. ცერემონია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, სერტიფიკატები 11 სამხედრო, 11 სასწრაფო – სამედიცინო დახმარების და 10 ოჯახის ექიმს გადაეცემა. 30 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით პრეჰოსპიტალური და ჰოსპიტალური სექტორის 171 ექიმმა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში გადამზადება გაიარა. სწავლება თბილისში, გორში, ქარელსა და კასპში მიმდინარეობდა. დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვაკო ავალიანი, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი თეიმურაზ ხარაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის და სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები.