უკრაინელმა პოლიციის გენერალმა, ვიაჩესლავ აბროსკინმა, მარიუპოლიდან ბავშვების ევაკუაციის სანაცვლოდ, ოკუპანტებს თავი მძევლად შესთავაზა
უკრაინელი პოლიციის გენერალი, ვიაჩესლავ აბროსკინი რუს ოკუპანტებს მარიუპოლიდან ბავშვების ევაკუაციის სანაცვლოდ საკუთარ თავს სთავაზობს. ამის შესახებ მან პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა.
გენერალი წერს, რომ მისი ცხოვრება მხოლოდ მას ეკუთვნის და რუსებს მარიუპოლში ჯერ კიდევ დაბომბილ ქალაქში მყოფი ბავშვების სიცოცხლის სანაცვლოდ სთავაზობს.
“სრულიად დანგრეულ ქალაქში დღეს ბევრი ბავშვია დარჩენილი, რომლებიც ახლა რომ არ გადავარჩინოთ, უახლოეს დღეებში დაიღუპებიან, დრო გადის.
მივმართავ რუს ოკუპანტებს – მომეცით საშუალება, რომ ბავშვები გამოვიყვანოთ მარიუპოლიდან, ცოცხალი ბავშვების სანაცვლოდ მე ჩემს თავს გთავაზობთ. დიახ, გთხოვთ, გამიშვათ მარიუპოლში ბავშვების შეგროვებისა და გამოყვანის ორგანიზებისთვის. 3 დღე მჭირდება ქალაქში, ბოლო საგუშაგოზე ბავშვებთან ერთად დაბრუნებისას, ტყვედ ჩაგბარდებით”, – წერს ის.