ბექა დავითულიანი: ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანად უნდა აღვადგინოთ – ნამდვილად გაგვიჭირდება სიძულვილზე სახელმწიფოს აშენება
„იმ პირობებშიც კი, თუ რუსეთი ძალას დაკარგავს და დიდი იმედი მაქვს, რომ დაკარგავს, ჩვენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ მშვიდობიანად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის, ვინც ომს უწევს პროპაგანდას, ქვეყნის მტრის ინტერესებზე მუშაობს.
“ის, ვინც დღეს პროპაგანდირებს ომს, ის, ვინც დღეს პროპაგანდირებს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას, აი, ამ გეოპოლიტიკურ კონტექსტში ძალისმიერი მეთოდებით, ყველა, ნებსით ან უნებლიედ, მუშაობს მტრის ინტერესებზე და არა ამ ქვეყნის. იმ პირობებშიც კი, თუ რუსეთი ძალას დაკარგავს და დიდი იმედი მაქვს, რომ დაკარგავს, ჩვენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ მშვიდობიანად, იმიტომ რომ შერიგდეს საზოგადოებები და არ დავთესოთ ახალი სიძულვილი. ნამდვილად გაგვიჭირდება სიძულვილზე სახელმწიფოს აშენება“, – განაცხადა დავითულიანმა.