“სკოლები, თეატრები და საავადმყოფოები ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები არ არის” – ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში რუსეთის სამხედრო ატაშე დაიბარეს
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ომის გამო, უკვე მეორედ, რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშე გამოიძახა.
ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთის სამხედრო დეპარტამენტმა Twitter-ში გაავრცელა.
ბრიტანეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ლოურენს ლიმ რუსეთის მხრიდან „ძალადობის მუდმივი და გაუმართლებელი აქტები“ გააპროტესტა, რუსეთს ჟენევის კონვენციით აღებული ვალდებულებები შეახსენა და უკრაინიდან ჯარის გაყვანა მოითხოვა.
ლოურენს ლიმ ასევე თქვა, რომ ბრიტანეთი უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულებებზე მტკიცებულებების შეგროვებას გააგრძელებს და რუს ატაშეს შეახსენა, რომ “სკოლები, თეატრები და საავადმყოფოები, ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები არ არის”.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვით უწყებაში რუსი სამხედრო ატაშე პირველად 24 თებერვალს დაიბარეს – იმ დღეს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში “სპეცოპერაციის დაწყების შესახებ” განაცხადა.