ნამდვილად იყო იმის პირობები, რომ საქართველოში საწვავის ფასი გაზრდილიყო, დღეს კომპანიების მხრიდან ისევ გვესმის გარკვეული ანონსები, რომლის მიხედვითაც, საწვავის ფასი კიდევ უნდა გაიზარდოს, ამის მოცემულობა კი უკვე აღარ არის, – ამის შესახებ ეკონომისტმა, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცეპრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბაირახტარმა საწვავის ფასის ზრდის მიზეზები განმარტა.
„თუ დავაკვირდებით გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებს ნავთობზე ფასების მატება ნამდვილად არის. ამას დაახლოებით 1 – წლიანი ტრენდი აქვს. 1 წლის განმავლობაში თუ შევხედავთ, ნედლ ნავთობზე ფასები მუდმივად იზრდება. რა თქმა უნდა, ეს პლაცსაც გადაეცემა. თუმცა, თუ ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყანაში, ბოლო 1 -თვიან ჭრილში საწვავის მნიშვნელოვან გაძვირებაზე, ეს გლობალურ ტენდენციებს ნაკლებად უკავშირდება. ეს, მნიშვნელოვანწილად, ჩვენი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე იყო დამოკიდებული, რომელიც ბოლო 1 თვეში თითქმის 50 პუნქტით გაუფასურდა. ამან საწვავის ფასზე ძალიან სწრაფი გავლენა მოახდინა. ამ პერიოდში, დაახლოებით ბოლო 2-3-კვირიან ტენდენციაში ჩვენ საწვავის ფასის დაახლოებით 60-თეთრიანი მატება ვნახეთ, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ისეთი სოციალური მდგომარეობის ქვეყნისათვის როგორიც საქართველოა, 1 ლიტრი საწვავის ფასი 4 ლარამდე, კატასტროფაა. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.
ამ პერიოდში ნამდვილად იყო იმის პირობები, რომ საქართველოში საწვავის ფასი გაზრდილიყო, თუმცა, თუ დღეს შევხედავთ, კომპანიების მხრიდან ისევ გვესმის გარკვეული ანონსები, რომლის მიხედვითაც საწვავის ფასი კიდევ უნდა გაიზარდოს, ამის მოცემულობა კი უკვე აღარ არის. თუ დავაკვირდებით ტენდენციებს, ტენდენციები გლობალურ ბაზრებზე სასიკეთოდაა შეცვლილი. მაგალითად, როცა ჩვენთან საწვავის ფასმა სწაფი ზრდა დაიწყო, 1 თვის წინ ნედლი ნავთობის ფასი დაახლოებით 130 დოლარი ღირდა, დღეს ბარელის ფასი საშუალოდ 105 დოლარამდეა ჩამოსული. ამას უნდა დავამატოთ ის მთავარი გარემოება, რამაც, როგორც გითხარით, ჩვენთან საწვავის მნიშვნელოვანი გაძვირება გამოიწვია, ესაა ეროვნული ვალუტის კურსი. ბოლო 2 -კვირიან ტენდენციაში ეროვნული ვალუტაც მნიშვნელოვანდ დასტაბილურებულია. ესაა დაახლოებით 25-27 პუნქტი, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგია. როგორც მინიმუმ, ეს იმის საშუალებას იძლევა, რომ საცალო ქსელში ფასები აღარ გაიზარდოს. გასათვალისწინებელია ძალიან საინტერესო გარემოება, რომ არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასის შემცირება უკვე დაწყებულია. არაბრენდირებულ მცირე კომპანიას ამის საშუალებას თუ გლობალური ტენდენციები, მაკროეკონომიკური პარამეტრები არ აძლევს, ის ფასს ვერ შეამცირებს. აქედან გამომდინარე, დიდი ხუთეულის წევრი კომპანიების განცხადებები და ანონსები იმასთან დაკავშირებით, რომ ფასები კიდევ უნდა გაიზარდოს, არსებული პარამეტრების გათვალისწინებით ჩემთვის ცოტა გაუგებარია. რაც შეეხება კოპანიების განცხადებას, რა თქმა უნდა, კომპანია მოგებაზეა ორიენტირებული. თუ მას ამის საშუალებას ბაზარი აძლევს მაქსიმალურად შეეცდება, რომ საკუთარი მოგება, ფასი გაზარდოს. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში კონკურენცია ისეთ მაღალ დონეზე არ არის, რომ ამან ფასი სრულად დაარეგულიროს. ვხედავთ, რომ რიგითი კოპანიები საკუთარ საფასო პოლიტიკას სრულად არ არგებენ იმ ტენდენციებს, რომელზეც ვისაუბრე“, – განაცხადა ბაირახტარმა.
მისივე თქმით, იმის ალბათობა, რომ ქვეყანას საწვავის დეფიციტი ემუქრება, პრაქტიკულად, არ არსებობს.
„საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, ქვეყანას საწვავის დეფიციტი ხომ არ ემუქრება. ამის ალბათობა, პრაქტიკულად, არ არსებობს. ქვეყანაში საწვავი რამდენიმე მიმართულებიდან შემოდის. ბაზარზე წარმოდგენილები არიან როგორც რუსული კომპანიები, მაგალითად „გალფი“ და „ლუკოილი“, ასევე ქართული, აზერბაიჯანული, სხვა წარმომავლობის კომპანიები. საწვავის შემოტანის მიმართულებები სრულად დივერსიფიცირებულია. აქედან გამომდინარე, ერთ რომელიმე მიმართულებაზე რომ ვიყოთ დამოკიდებული, ასე არაა. იმის რისკები, რაც ბოლო პერიდოში ისმოდა, პრაქტიკულად, არ არსებობს.
რაც შეეხება “გალფს” – შესაძლებელია ფართო მასებისთვის ეს სრულად ცნობილი არ იყო , თუმცა გალფის 49 %-იანი წილი კარგა ხნის წინ რუსულმა „როსნეფტმა“ იყიდა. ეს გარიგება 2014 წელს შედგა, „პეტროკასისგან“ შეიძინა“, – განაცხადა ბაირახტარმა.
მისივე თქმით, რუსული კომპანიების მხრიდან ფასის ნებისმიერი ცვალებადობა, საქართველოს საცალო ქსელში ზოგად ზეგავლენას ვერ მოახდენს.
„საქართველოს ბაზარზე მყოფი, რუსული კომპანიების მხრიდან ფასის ნებისმიერი ცვალებადობა, რა მიზეზითაც შეიძლება, იყოს ეს, საქართველოს საცალო ქსელში ზოგად ზეგავლენას ვერ მოახდენს, რადგან როგორც გითხარით, იმპორტის საკმაოდ დივერსიფიცირებული წყაროებია. აქედან გამომდინარე, თუ რუსული წარმომავლობის კომპანიებს რაიმე პრობლემა შეექმნებათ, არის სხვა წარმომავლობის კომპანიები, რომლებიც ქვეყანაში საწვავის იმპორტს საერთოდ სხვა მიმართულებებიდან ახდენენ“, – განაცხადა ბაირახტარმა.