ნანა კაკაბაძე: ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება უკრაინას შესაძლებლობების მაქსიმუმით ეხმარება, ამის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლება ჯალათებს ანიჭებს პოლიტიკური დევნილის სტატუსს, ავითარებს ქართული ოპოზიციის ნარატივს და ჩვენს ქვეყანასთან ამწვავებს დიპლომატიურ ურთიერთობებს
„ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება უკრაინას შესაძლებლობების მაქსიმუმით ეხმარება, საქართველოს არც ჰუმანიტარულ და არც პოლიტიკური ხასიათის მხარში დგომისგან უკან არ დაუხევია“,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში უმადურად იქცევა.
“ყველაფერი ფასდება შედეგებით ყოველდღე გვესმის მოწოდებები და შეფასებები: „უკრაინა გმირულად ებრძვის აგრესორს! უკრაინელებმა პატრიოტიზმის მაგალითი აჩვენეს მსოფლიოს! უკრაინა იმარჯვებს, რუსეთის დეზორგანიზებული არმია მარცხდება! ზელენსკი გმირია! Слава Украине, Героям Слава!“ ამ ინფორმაციებსა და სიუჟეტებს უხვად გვაწვდიან ტელე თუ სოციალური მედია-საშუალებები. ნებისმიერი ომის დროს მხარეები მოვლენებს ცალმხრივად აშუქებენ და ყველაზე მეტ ტყუილს ამბობენ, რათა ხალხში შეინარჩუნონ საბრძოლო განწყობა. ომის დასრულებისას (როდესაც რეალური შედეგი დადგება) გამოჩნდება, თუ ვინ რა დოზით ავრცელებდა სიცრუეს ომის მიმდინარეობაზე. სწორედ ამის შემდეგ შეფასდება, თუ რამდენად სწორი იყო მხარეების მიერ არჩეული სტრატეგია და ტაქტიკა. ისიც ფაქტია, რომ ყველა ომი ბოლოს ზავით მთავრდება, ხოლო მასში ერთ-ერთი მხარე იმარჯვებს, რადგან ფრედ დამთავრებული ომი ჯერ ისტორიას არ ახსოვს. შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომს არ ჰყავდეს აბსოლუტური გამარჯვებული და აბსოლუტური დამარცხებული (როგორც მეორე მსოფლიო ომში მოხდა), მაგრამ ცხადი გახდება, რომელი მხარე რას მიიღებს (ან დაკარგავს) იმასთან შედარებით, რაც მათ ომის დაწყებამდე, ანუ 2022 წლის 24 თებერვლამდე ჰქონდათ. წერილის დასაწყისში ნახსენები უკრაინისა და მისი ხელისუფლების განმადიდებელი ლოზუნგები იქცევა რეალობად, თუ ომის შედეგად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. ასე მოხდება მაშინაც, თუ ომამდელი სტატუსკვო შენარჩუნდება, ყირიმი და ე. წ. „ლნრ“ და „დნრ“რუსეთის მფლობელობაშიომამდელ მასშტაბებში დარჩება. სამართლიანად ჩაითვლება, რომ უკრაინამ მოიგერია რუსეთის თავდასხმა და ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო ახალი ტერიტორიების დაპყრობა. მაგრამ თუ რუსეთმა დაიკავა ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქები, ხარკოვი, ოდესა, მარიოპული (შესაძლოა კიევიც), ან თუნდაც მხოლოდ დონბასის ადმინისტრაციულ ერთეულებზე სრულად გაავრცელა თავისი გავლენა (მანამდე რუსეთი დონბასის ადმინისტრაციული საზღვრის მხოლოდ 30%-ს ფლობდა), ბუნებრივად დადგება კითხვა: რანაირი გმირები არიან ზელენსკი და მისი ხელისუფლება, თუ ათი ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობის, ამდენივე სამხედროს სიცოცხლის და მთელი უკრაინის დანგრევის ფასად დათანხმდა ნეიტრალიტეტზე და უარი თქვა ნატოზე? ეს ხომ ამხელა მსხვერპლისა და ნგრევის გარეშეც შეეძლო? ხელისუფლების სიბრძნე და სიძლიერე იმაშია, რამდენად შეძლებს საქვეყნო საქმის კეთებას ისე, რომ ნგრევა, მსხვერპლი და უბედურება ააცილოს ქვეყანას. ამიტომ ვფიქრობთ, საბოლოო შედეგის დადგომამდე ნაადრევია უკრაინის ხელისუფლების განდიდებაც და გაკრიტიკებაც. ამ ეტაპზე შეიძლება შეაქო ხალხისა და მათი ლიდერების მებრძოლი სული, შეუდრეკელობა და ბრძოლისუნარიანობა, მაგრამ ხელისუფლების მიერ შერჩეული სტრატეგიისა და ტაქტიკის საბოლოო შეფასება მხოლოდ შედეგების მიხედვით მოხდება. ერთი, რაც ამ ეტაპზე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება უკრაინას შესაძლებლობების მაქსიმუმით ეხმარება, საქართველოს არც ჰუმანიტარულ და არც პოლიტიკური ხასიათის მხარში დგომისგან უკან არ დაუხევია, როგორც ამბობენ, უკრაინაში მებრძოლი უცხოელებიდან ყველაზე მეტი სწორედ ქართველია, სამწუხაროა, ამ ყველაფრის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში უმადურად იქცევა, როდესაც სისხლის სამართლის დამნაშავე ქართველ პოლიტიკოსებს არათუ არ გადმოსცემს ქართულ მხარეს, არამედ დემონსტრაციულად ნიშნავს მაღალ თანამდებობებზე, ჯალათებს ანიჭებს პოლიტიკური დევნილის სტატუსს, ავითარებს ქართული ოპოზიციის ნარატივს და ჩვენს ქვეყანასთან ამწვავებს დიპლომატიურ ურთიერთობებს. სავარაუდოდ, უკრაინაში მოკალათებული დამნაშავე ქართველი პოლიტიკოსები პირდებიან უკრაინელებს, რომ საქართველოს ხელისუფლების დამხობისა და ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში საქართველოში გაიხსნება მეორე ფრონტი, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის დასუსტებას. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინის ხელისუფლებას სწორედ ასეთი და მსგავსი ინტერესები ამოძრავებს, როდესაც თითქმის აშკარად ერევა საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში. თუმცა, ამ პრობლემის დეტალური განხილვა და შეფასებაც ალბათ ომის დამთავრების შემდეგ იქნება უპრიანი“, – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.