სამხედრო პოლიციის თანამშრომლები გადამზადების კურსს გაივლიან

   საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი პოლკოვნიკი კახაბერ ჩიხრაძე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს პირველად შეხვდა. თავდაცვის სამინიოსტროს ინფორმაციით, შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე, თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები ესწებოდნენ. კახაბერ ჩიხრაძემ მათ სამხედრო პოლიციაში 2013-2016 წლებში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. რეფორმებზე საუბრისას, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ყურადღება დეპარტამენტის დაკომპლექტების კუთხით დაგეგმილ ცვლილებებზე, კონკრეტულად, პერსონალის გადამზადების კურსზე გაამახვილა. კურსის მიზანს სამხედრო პოლიციელების კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ოთხთვიან კურსს ეროვნულ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიებში გაივლიან; გადამზადების პროგრამა თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ითვალისწინებს. პოლიციელებისთვის პროგრამის შედგენაზე ეროვნული თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიების წარმომადგენლები ერთობლივად მუშაობდნენ. კურსს სამხედრო პოლიციის ყველა თანამშრომელი გაივლის. პირველ ეტაპზე უპირატესობა ოფიცრებს მიენიჭებათ. აღნიშნული კურსის გავლა, ასევე, სავალდებულოა მათთვის, ვისაც სამხედრო პოლიციაში სურთ მსახური. ამ კუთხით, სხვა შეზღუდვები არ მოქმედებს. სამხედრო პოლიციაში მუშაობის უფლება ეძლევა ნებისმიერ ადამიანს, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირს. კახაბერ ჩიხრაძემ შეხვედრაზე, ასევე, აღნიშნა, რომ შეიქმნება სამხედრო პოლიციის ორი, აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონი. კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, სამხედრო პოლიციელები აღნიშნულ ბატალიონებში ჩაირიცხებიან. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კახაბერ ჩიხრაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების კითხვებს უპასუხა და მათი რეკომენდაციები მოისმინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები