ეროვნული მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს გურამ მირცხულავას გარდაცვალების გამო
საქართველოს ეროვნული მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრისა და ეროვნული მუზეუმის ღვაწლმოსილი თანამშრომლის, გურამ მირცხულავას გარდაცვალების გამო.
„გურამ მირცხულავა დაიბადა 1941 წელს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიის პრობლემებზე. არის 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მონაწილეობდა რაჭის, ქუთაისის, ალგეთის, სამეგრელოს, ენგურის, ნასტაკისის, დუშეთის, თბილისის, ქვემო ქართლის, ბიჭვინთისა და მცხეთის არქეოლოგიურ ექსპედიციებში. იყო დონის მონასტრის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის მოადგილე. ხელმძღვანელობდა სამშვილდის, თეთრიწყაროს, დიღმის, ღრმახევისთავის, ივრის ხეობის და ძველი თბილისის არქეოლოგიურ ექსპედიციებს. მის მიერ აღმოჩენილი და შესწავლილია საეტაპო არქეოლოგიური ძეგლები: სამშვილდის ნასახლარი და სამაროვანი, დაღეთის ნასახლარი და სამაროვანი, ბადაანის ნასახლარი, ორხევის ნასახლარი და სამაროვანი, ერწოსა და მაგრანეთის ყორღანები. გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილებასთან თანამშრომლობით შეისწავლა ადრესამიწათმოქმედო კულტურის ნასახლარი – არუხლო I (ექსპედიციის თანახელმძღვანელი).
ეროვნული მუზეუმის გუნდთან ერთად, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორი და ბოლნისის მუზეუმის სამეცნიერო კონცეფციის თანაავტორი, მუზეუმის მეგობარი პროფესორი სვენდ ჰანსენი და არუხლოს არქეოლოგიური ექსპედიციის გუნდის ქართველი, გერმანელი, რუმინელი და ბულგარელი წევრები, ასევე დიდ მწუხარებას გამოთქვამენ გურამ მირცხულავას გარდაცვალების გამო, უსამძიმრებენ მის მეუღლეს და ოჯახის წევრებს.
ბატონი გურამის გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოს ეროვნული მუზეუმისთვის, მისი ოჯახისთვის, მეგობრებისა და კოლეგებისთვის“, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.