გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამართალდარღვევები დაფიქსირდა ყვარლის, საგარეჯოს, თელავის, ლაგოდეხის, ახმეტის, თიანეთის, დუშეთის, ბორჯომის, შუახევის, ხულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.
“მოქალაქეები, უმეტესად სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.
ჯამში ამოღებულია დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე – 26 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მერქანი და 21 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის 10 თვეში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 1380 ფაქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და პრევენციულ ღონისძიებებსაც ატარებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე,”- წერია ინფორმაციაში.