შალვა პაპუაშვილი: 19 აპრილის შეთანხმებას არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირში ინტეგრაციასთან

პირველი – 19 აპრილის შეთანხმება არ არსებობს. მეორე -19 აპრილის შეთანხმებას არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირში ინტეგრაციასთან. ეს იყო შეთანხმება საქართველოში მოღვაწე პარტიებს შორის და არა შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად ოპოზიცია შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს.

„პირველი – 19 აპრილის შეთანხმება არ არსებობს. მეორე -19 აპრილის შეთანხმებას არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირში ინტეგრაციასთან. ეს იყო შეთანხმება საქართველოში მოღვაწე პარტიებს შორის და არა შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის იმ ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ახლა ხმამაღლა საუბრობს. მაგალითად ესაა „ლელო“ -მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის დეპუტატის მანდატი თავად დატოვა. ასე მოხდა „გირჩის“ შემთხვევაშიც – ზურაბ ჯაფარიძემ თავად დატოვა პარლამენტი. ერთ-ერთი და ლამის ერთადერთი ვალდებულება, რაც ოპოზიციას ჰქონდა, პარლამენტში შემოსვლა და მუშაობა იყო. ამ ხელშეკრულების ანულირება მოახდინა ყველამ – აღარ ვსაუბრობ „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ამ შეთანხმების რეანიმაცია შეუძლებელია.

ამ შეთანხმებას არანაირი კავშირი არ ჰქონია ევროკავშირში ინტეგრაციასთან. ევროკავშირში ინტეგრაციისთვის არსებობს ასოცირების შეთანხმება, სადაც ყველა საკითხია, მათ შორის ის, რაც სასამართლოს შეეხება. სწორედ ასოცირების შეთანხმება არის ის ძირითადი პლატფორმა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ჩარჩოა.

რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, ამ რეფორმის რამდენიმე ტალღა განხორციელდა. ახლა შექმნილია სამუშაო ჯგუფი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, რომლის ფარგლებშიც გვქონდა შეთანხმება, რომ თებერვლის ბოლოსთვის ყველა ფრაქციასა და თუ პოლიტიკურ ჯგუფს უნდა წარმოედგინა მოსაზრებები. იმისთვის, რომ ვისაუბროთ, რა უნდა გაკეთდეს სასამართლოში, უნდა შევთანხმდეთ, რა გაკეთდა და სად ვართ. გვესმის ბევრი რამ, რაც აღქმებზეა დამყარებული, ბევრი ბრალდება, რაც არჩევნებთან დაკავშირებითაც გვესმოდა და არ დადასტურდა. ამიტომ მნიშვნელოვანია შედგეს გულღია საუბარი იმასთან დაკავშირებით, რა გაკეთდა და სად ვართ, რა გამოწვევები გვაქვს. როდესაც გამოწვევებზე ვისაუბრებთ, შემდეგ ვთქვათ, რა უნდა გაკეთდეს. გვინდოდა, რომ ყველაფერი ეს წარმოდგენილი ყოფილიყო 28 თებერვლისთვის. მაგრამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, შევთანხმდით, რომ კომუნიკაცია გვქონდა ოპოზიციასთან და ორი კვირით გადავწიეთ. ამიტომ ველით, რომ პოლიტიკური ჯგუფები და ფრაქციები წარმოადგენენ საკუთარ მოსაზრებებს. საჭიროა, ყველაფერი არგუმენტირებული იყოს და სწორედ ამ არგუმენტების საფუძველზე, გამოწვევებს ვუპასუხოთ რეფორმით და არა წარმოსახვით, ქიმერულ გამოწვევებს. ვიცი, რომ რამდენიმე ჯგუფს საკუთარი მოსაზრებები მზად აქვს, წარმოადგენენ, ყველა გაეცნობა, გვექნება საუბარი და ეს გამჭვირვალე პროცესი იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები