შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტთაშორისო კავშირში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ საპარლამენტთაშორისო კავშირის საქმიანობაში მონაწილეობას და ამ პლატფორმის გამოყენებას სხვა ქვეყნების პარლამენტებთან ურთიერთობებისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის კიდევ უფრო გასაძლიერებლად”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარადგინა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული საერთაშორისო პლატფორმა წარმომადგენლობითია და კარგ შესაძლებლობას იძლევა, შეხვედრები გაიმართოს ისეთი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან, რომლებთანაც კომუნიკაცია ლოჯისტიკურად რთულია.
„შესაბამისად, ეს ფორუმი იძლევა მხარდამჭერების მოპოვების და მხარდაჭერის გაძლიერების საშუალებას, ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ პლატფორმის აქტიური გამოყენება”,- განმარტა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, გლობალური პანდემიის გამო, 2021 წელს ორმხრივი ვიზიტები შეიზღუდა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციას კოლეგებთან კომუნიკაცია სწორედ საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში ჰქონდა.
„2021 წელს კავშირში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო არაერთ ღონისძიებაში, მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია 6 სექტემბერს, ვენაში გამართული პარლამენტის თავმჯდომარეების მსოფლიო კონფერენცია, რომელიც ფოკუსირებული იყო მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზებისა და ამ მიმართულებით უფრო ეფექტიანი საპარლამენტო ინსტრუმენტების ჩამოყალიბების განხილვაზე. ფორუმის ფარგლებში, შედგა 13 ორმხრივი შეხვედრა, მათ შორის, ესტონეთის, სომხეთს, კამერუნის, ეგვიპტის, ჩრდილოეთ მაკედონიის, სლოვენიის, არაბთა გაერთიანებული ემირატების, აზერბაიჯანის, სამხრეთ კორეის, თურქეთის, შვედეთის, იტალიის და ავსტრიის სპიკერებთან. ასევე, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ვიცესპიკერთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებთან. ასევე, მნიშვნელოვანი იყო 25-30 ნოემბერს ქალაქ მადრიდში გამართული რიგით 143-ე ასამბლეაში მუშაობაში მონაწილეობის მიღება. ძირითადი თემა გახლავთ დემოკრატიის თანამედროვე გამოწვევები და პოლარიზაცია. შეხვედრები გაიმართა რვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან, ასევე, ესპანეთის პარლამენტის ორივე პალატის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებთან. არაოფიციალურ გარემოში გაიმართა შეხვედრები კორეის რესპუბლიკის, თურქეთის, ლიხტენშტეინის, პაკისტანისა და ესპანეთის ქვედა პალატის თავმჯდომარეებთან”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის პარალელურად, შეხვედრებს მართავდნენ და ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ საპარლამენტო დელეგაციის სხვა წევრებიც. შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, არსებული ვითარების გამო, მიმდინარე თვეში დაგეგმილ რიგით 144-ე ასამბლეაში, სხვა ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების უმეტესობის მსგავსად, მონაწილეობას არ მიიღებს საქართველოს პარლამენტის დელეგაციაც. „თუმცა, მონაწილეობას მივიღებთ წლის ბოლოს დაგეგმილი ასამბლეის მუშაობაში და კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.