თამარ იოსელიანი: მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარებით დაინტერესებული ყველა მხარის მაღალ დონეზე თანამშრომლობა მისი გამტარუნარიანობის გასაზრდელად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა უზბეკეთში ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმსა და ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტერიალში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა შეაფასა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დელეგაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობდა. ფორუმი ევროკავშირის თანაორგანიზებითა და აღნიშნული გაერთიანების „Global Gateway“-ის ინიციატივის ფარგლებში ჩატარდა.

როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ფორუმსა და მინისტერიალზე, დერეფანთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, საუბარი წარიმართა საქართველოს მთავრობის ხედვასა და მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელების შედეგად გაიზრდება ტრანსკასპიური და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ევროკავშირის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებს შორის მჭიდრო სატრანსპორტო კავშირების დამყარებაში.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„თავის გამოსვლებში მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ დაგეგმილ ინვესტიციებს სანავსადგურო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე საავიაციო სექტორში ახალი აეროპორტების და მაგისტრალური გზების მშენებლობასთან დაკავშირებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო 2032 წლამდე 7 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც ცალსახად მოგვცემს შესაძლებლობას, გავხდეთ აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი სატრანსპორტო ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის მატარებელი ქვეყანა. ეს პროექტები მოქცეულია ევროკავშირის ძირითად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ ჩარჩოში. ჩვენ ასევე ყურადღება გავამახვილეთ ევროკავშირთან საფლაგმანო ინიციატივაზე, როგორიციაა საბორნე მიმოსვლა. ჩვენ ევროკავშირთან ლურჯი საზღვარი გვაკავშირებს და შესაბამისად, ეს მიმართულება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის „Global Gateway“-ის ინიციატივაზე. მისი თქმით, ეს საინვესტიციო ინსტრუმენტი ქვეყნებს დაკავშირებადობის სქემების განვითარებაში დაეხმარება.

მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას – ესაა სანავსადგურე სექტორის გაციფრულებას. მისი ინფორმაციით, დაგეგმილია, რომ 2026 წლისთვის სრულად იქნება გაციფრულებული როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი და საქართველო უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული რეგიონულ თუ საერთაშორისო ციფრულ სისტემებში.

„ყოველივე ეს მოგვცემს შესაძლებლობას, კორიდორი გავხადოთ უფრო მეტად ეფექტიანი და უფრო მეტ ტვირთს მოვემსახუროთ“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ფორუმზე მარიამ ქვრივიშვილი საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ფრანგული ინვესტიციების საკითხი განიხილა.

„საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრს გავაცანით საქართველოს სატრანსპორტო – ლოგისტიკური სექტორში დაგეგმილი პროექტები. საფრანგეთი დიდი ეკონომიკაა. მათი ინტერესი საქართველოს მიმართ მაღალია. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ფრანგული კომპანიების პოტენციალზე საქართველოში და მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებზე. განვიხილეთ ის სამომავლო გეგმები, რაც შესაძლებელია ორ ქვეყანას შორის ამ მიმართულებით განვითარდეს. მათი ინტერესი შუა კორიდორის მიმართ ძალიან მაღალია“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარებით დაინტერესებული ყველა მხარის მაღალ დონეზე თანამშრომლობა, რათა ის გახდეს უფრო მოქნილი, ეფექტიანი და გამტარუნარიანობა გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები