შალვა პაპუაშვილი: ყოველ ჯერზე, როდესაც შვედეთის ხელისუფლება საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ რაიმეს იტყვის და ჩვენკენ თითს გამოიშვერს, ყოველ ჯერზე გავახსენებ, რომ მათი ხელისუფლების წარმომადგენელი მაიდნისკენ მოგვიწოდებდა
ჩვენ მიერ ნალოლიავებ ევროკავშირის რეპუტაციას თვითონვე ანგრევენ მათივე ელჩები და მათივე პოლიტიკოსები, როდესაც დღეს მათ ევროკავშირის დროშა გააიგივეს ძალადობასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
პაპუაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მარია მალმერ სტენერგარდი წერს: „მამაცი ქართველები ყოველდღე აგრძელებენ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების გამოყენებას, გავაგრძელებთ დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შვედეთმა საკუთარ თავს რომ მიხედოს და საკუთარი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არ იქნებოდა ცუდი.
„რას გამოვიქეცით საბჭოთა კავშირიდან, იყო ერთი მოსკოვი, რომლისგანაც ვერ ვიტანდით დირექტივებს და მითითებებს. ქართველებს ხომ ეს გვაქვს სისხლში, ხორცში, ძვალში და რბილში გამჯდარი, რომ არ გვიყვარს ეს მთავარმართებლების დანიშვნა აქ, გენერალ-გუბერნატორების დანიშვნა, მართლა ეგზარქოსების მოვლენა არ გვიყვარს. ჩვენი 3000-წლოვანი სახელმწიფო ეს არის, რომ სულ ამის წინააღმდეგ ბრძოლა გვაქვს. იმ საბჭოთა კავშირში ერთი მოსკოვი გვყავდა დირექტივების და ახლა მოკლედ ბერლინი, ციურიხი, სტოკჰოლმი, აგერ, ტალინიც საბჭოთა კავშირში ხმას არ გვცემდა და ახლა მაინცდამაინც ჩვენი ჭკუის სწავლებაზე გადავიდა, ვილნიუსი… რა მოთვლის. როგორ ყველა ჩვენი ჭკუის მასწავლებელი გახდა, ცოტა საკუთარ თავსაც რომ მიხედონ, მგონი, არ იქნება ცუდი. კერძოდ, შვედეთმა რომ მიხედოს საკუთარ თავს და საკუთარი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არ იქნებოდა ცუდი. ვინაიდან შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, ბატონი ერიკ ოტოსონი შარშან, აი ამ დროს, ნოემბერში ჩამოვიდა და ხალხნო, ცოტა ხართო, ახლა რადიკალურები უნდა გახდეთო, გაბრაზდითო, გაიხსენეთ, მაიდანიც რა იყოო. მაიდანი ყველას გვახსოვს, რაც იყო, ხომ. 100 ადამიანი მოკვდა მაიდანზე. გაიხსენეთ მაიდანიო და გვერდში გიდგავართო. რამდენიმე დღეში დაიწყეს მაიდანი მისმა მოწოდებულმა რადიკალებმა. ამიტომ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თუ პრემიერ-მინისტრი, თუ სხვა მთავრობა, ვიდრე ერთ ძირ სიტყვას დაძრავს საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, საკუთარი ხელისუფლების წარმომადგენელთან დაკავშირებით მოგვცეს განმარტება – გმობენ თუ არა ამ ძალადობრივ მოწოდებას, ემიჯნებიან თუ არა ამ მოწოდებას მაიდანიზაციისკენ და ამის შემდეგ ისაუბრონ რაღაცაზე. მე ამას ყოველთვის გავიმეორებ. ყოველ ჯერზე, როდესაც შვედეთის ხელისუფლება საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ რაიმე ძირ სიტყვას იტყვის და ჩვენკენ თითს გამოიშვერს, ყოველ ჯერზე გავახსენებ მათ, რომ მათი ხელისუფლების წარმომადგენელი აქ მაიდნისკენ მოგვიწოდებდა. სისხლისღვრისკენ, ძალადობისკენ, არეულობისკენ მოგვიწოდებდა მათი ხელისუფლების წარმომადგენელი და ვიდრე არ გაემიჯნებიან, მანამდე დარჩება მათი სიტყვა ფუჭი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ამ პროცესების მთელი სიკეთე იყო ის, რომ ქართველმა ხალხმა ბევრი რამე დაინახა რეალურად.
„მათ შორის დაინახა, რომ ისინი, ვინც ჩვენ გამადიდებელი შუშით გვიყურებდნენ და ზოგი კი გვაკრიტიკებდა, თითქოს საქართველოში რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლა ხდება, თვითონ იყვნენ ჩართული ამ ყველაფერში. მათ შორის, ქალბატონი კალასის მეუღლე პირდაპირ რუსეთთან ვაჭრობდა. ქალბატონ კალასს იმ ბიზნესში ფული ჰქონდა დაბანდებული, რომელიც პირდაპირ რუსეთში ვაჭრობდა და ტრანსპორტირებას ახდენდა მათ შორის ორმაგი დანიშნულების ტვირთებისა რუსეთში. ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოგრჩათ და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო რომ მოგვიწოდებდა, აბა ახლა სანქციები დაუწესეთ რუსეთსო, აღმოჩნდა, რომ პირველ ადგილზე გავიდნენ მსოფლიოში რუსეთთან ღვინის ვაჭრობით. ჩვენც გვაჯობეს ისე, რომ არ ვიცი, რა ყურძენი მოდის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი მაინცდამაინც არ მოდის ლიტვაში და ჩვენ გვაჯობა ღვინის ექსპორტით რუსეთში ლიტვამ, ესტონეთმა ვისკით. იქ ჩრდილოვანი ფლოტის მხარდაჭერა არის. აგერ „ლუკოილზე“ ხან სანქციებიო, ერთი ამბავი ატეხეს და დარბოდნენ მათი დაქირავებული „ენჯეოები“ და მედიები აქ ერთი ბენზინგასამართი სადგურიდან მეორეზე, რომ აბა ქართული „ლუკოილი“ დაიხურება თუ არ დაიხურება, თუ სანქციებს დავარღვევთ და დღეს მოისმინეთ ხომ, მშვენივრად მოუხსნეს სანქციები.
ქართველმა ხალხმა ეს ყველაფერი დაინახა. თავის თავს არავინ არ დაიზიანებს. ამ ყველაფერში ყველაზე ცუდ მდგომარეობაში დღეს უკრაინა და უკრაინელი ხალხი არიან, თორემ ყველა თავის თავს მიხედავს. ყველა თავის თავზე მიხედული არის და ჩვენზეც არავინ თავს არ მოიკლავს, არავინ საერთოდ. რამეს თუ გააფუჭებენ კიდევ საქართველოში სამწუხაროდ იმისთვის, რომ საკუთარი დღის წესრიგი გაატარონ. ასე რომ, არ ვიცი. ვისაც უნდა, რომ ჩაეხუტოს რადიკალებს, ვისაც უნდა, რომ ჩაეხუტოს ჩვენს აქ შინაურ ფაშისტებს, რომელიც მომრავლდა, მათ შორის უცხოური დაფინანსებით, ვისაც უნდა, რომ ქსენოფობიასთან ასოცირდებოდეს, მათი გადასაწყვეტია და ეს გარკვეულწილად შეძლეს კიდევაც. სამწუხაროდ, ეს არის მთელი პრობლემა, მათ შორის ჩვენ მიერ ნალოლიავები ევროკავშირის რეპუტაციას თვითონვე ანგრევენ მათივე ელჩები და მათივე პოლიტიკოსები, როდესაც დღეს მათ ევროკავშირის დროშა გააიგივეს ძალადობასთან, ევროკავშირის დროშით წვავდნენ საქართველოს პარლამენტს, ევროკავშირის დროშით შტურმით იღებდნენ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციას, ევროკავშირის დროშით ძალადობენ მოქალაქეებზე და სადაც გამოჩნდება ევროკავშირის დროშა მათ ხელში, იქ მოდის ძალადობა, იქ მოდის ზიზღი, იქ მოდის დეზინფორმაცია, იქ მოდის პროპაგანდა. აი, ეს გააკეთეს, რომ საკუთარი თავი და ევროკავშირის დროშა გააიგივეს ძალადობასთან, ზიზღსა და პროპაგანდასთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.