შალვა პაპუაშვილი – შვეიცარიის საელჩოზე: სითავხედეა, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩო ბედავს და მასპინძელ ქვეყანას მის კონსტიტუციის მუხლებს უკითხავს
სითავხედეა, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩო ბედავს და მასპინძელ ქვეყანას მის კონსტიტუციის მუხლებს უკითხავს. რა გგონიათ, ჩვენ კითხვა არ ვიცით, თუ რა, შტერები ვართ?“ რა გვიწერია კონსტიტუციაში, არ ვიცით?! ამას გვეუბნება შვეიცარიის ელჩი?! ამიტომაც ვთქვი, რომ ყველამ თავის კონსტიტუციას მიხედოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, გასაკვირია შვეიცარიის საელჩოს ვებგვერდზე ბანერის გამოქვეყნება, რომელზეც ევროსტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციის მუხლი წერია.
„მგონი, ყველას გაუკვირდა. ყველამ ვიცით, რომ შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა. არც ნატო-ს წევრია და არც უნდა, არც ევროკავშირის წევრია და არც უნდა, ჩვენს კონსტიტუციას გვიწერს ელჩი ვებგვერდზე ნატო-ში და ევროკავშირში წევრობაზე. ასე კარგი თუა, თვითონ რატომ არ მიდიან, არ წევრიანდებიან ან ნატო-ში, ან ევროკავშირში. რა დამოკიდებულება აქვთ, ვერ გაგვიგია. ჩვენ რას გვასწავლიან, თვითონ არ შედიან არც ნატო-ში და არც ევროკავშირში. ეს ხომ, უბრალოდ მართლა სასაცილო ფაქტია. აქ აბსოლუტურად აცდენილი არის რეალობას. მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, სითავხედეა, რა თქმა უნდა, როდესაც ბედავს უცხო ქვეყნის საელჩო და მასპინძელ ქვეყანას მის კონსტიტუციის მუხლებს უკითხავს. რა გგონიათ, ჩვენ კითხვა არ ვიცით, თუ რა, შტერები ვართ?“ რა გვიწერია კონსტიტუციაში, არ ვიცით?! ამას გვეუბნება შვეიცარიის ელჩი?! ამიტომაც ვთქვი, რომ ყველამ თავის კონსტიტუციას მიხედოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე მოიყვანა შვეიცარიის კონსტიტუციიდან მუხლი, რომლის მიხედვითაც, საჯარო სივრცეში სახის შენიღბვა აკრძალულია.
„სხვათა შორის, შვეიცარიის კონსტიტუციაში საინტერესო მუხლი წერია ერთი, მე-10 მუხლი არის – შვეიცარიის კონსტიტუციით, პირდაპირ აკრძალული არის სახის შენიღბვა საჯარო სივრცეში. ალბათ, შვეიცარიის ელჩს რომ ჰკითხოთ, გააკრიტიკებს ჩვენს კანონმდებლობას არა საჯარო სივრცეში, არამედ დემონსტრაციების დროს სახის შენიღბვის აკრძალვასთან დაკავშირებით. ამას გააკრიტიკებს და თვითონ შვეიცარიის კონსტიტუციაში უწერიათ, ჩვენს კონსტიტუციას რომ ბეჭდავს თავის გვერდზე. ხვალ, აბა დადოს შვეიცარიის საელჩომ შვეიცარიის კონსტიტუციის მუხლი 10ა, პირველი პუნქტი, სადაც წერია, რომ საჯარო სივრცეში სახის შენიღბვა არის აკრძალული და კონსტიტუციაში რომ უწერიათ ისეთი რამ, რომელზეც მათი დაფინანსებული „ენჯეოები“, თვითონ რომ აფინანსებენ შემდეგ იმათ ალაპარაკებენ საქართველოს წინააღმდეგ, რომ ასეთი კანონები არ მიიღონ. აფინანსებენ „ენჯეოებს“, რომლებიც აქ პანიკას ტეხენ, როგორ თუ სახის შენიღბვა აიკრძალა აქციებზე, შვეიცარიის საელჩო ამას აფინანსებს და თვითონ შვეიცარიას კონსტიტუციაში უწერია ეს აკრძალვა, რომ საჯარო სივრცეში სახის შენიღბვა არ შეიძლება. კარგი, „კრედიტ სუისის“ ამბავი გავიგეთ, რომ იქ საქმე რაღაც კარგად არ მიდის, მაგრამ არ ვიცი, მგონი, შვეიცარიის ნეიტრალიტეტთან მაინც ხომ უნდა მიდიოდეს საქმე. ცოტა უცნაური არის და სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა კიდევაც, რომ მართლაც უადგილო აქციონიზმი და აჟიტირება იყო შვეიცარიის საელჩოს მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოში შვეიცარიის საელჩომ ბანერი გამოაქვეყნა, სადაც წერია: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. საქართველოს კონსტიტუცია, 78-ე მუხლი“.