შალვა პაპუაშვილი: საბედნიეროდ, ჩვენ ვხედავთ დასავლეთში გამოღვიძებას – იმედით ვუყურებთ იმ პატრიოტულ ძალებს, რომლებიც ევროკავშირში ძლიერდებიან

საბედნიეროდ, დასავლეთი იღვიძებს, ევროკავშირთან ურთიერთობას ვხედავთ მაშინ, როცა ბრიუსელი დაუბრუნდება ეროვნული ინტერესების, პატრიოტიზმის და ქრისტიანულ ფასეულობებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქართული მხარე იმედით უყურებს იმ პატრიოტულ ძალებს, რომლებიც ევროკავშირში ძლიერდებიან.

„საბედნიეროდ, ჩვენ ვხედავთ გამოღვიძებას დასავლეთში. ჩვენ ვნახეთ აშშ-ში მოქალაქეების გამოღვიძებას, რომლებმაც დაასრულეს ის ყალბი იდეოლოგიები, რომელიც მართლაც უკვე ყველგან იყო შესული და დღეს ფაქტობრივად, ამოძირკვა უწევს ტრამპის ადმინისტრაციას. წარმოიდგინეთ, ახლა ჩვენთან ეს რომ ყოფილიყო, ტრამპის ადმინისტრაცია რასაც ამბობს, გენდერული თანასწორობის ყალბი იდეოლოგიები, გააქრეს ერთი სფეროდან, მეორე სფეროდან. ჩვენ ახლა ამ დონემდე არ ვიყავით შესული და ეს რომ დაგვეწყო, აქ რა ეგზეკუციას მოგვიწყობდნენ ხომ უცხოეთიდან? მათ ფაქტობრივად, უწევთ ამოძირვა ამის, ასე ვთქვათ, მახვილით და ცეცხლით.

იუესეიდი“ ფაქტობრივად, დაანგრიეს, დაშალეს, გააქრეს საერთოდ. ხალხი ქუჩაში გამოყარეს მართლა, იმდენად რადიკალური გადაწყვეტილების მიღება მოუწიათ, რომ როგორც თვითონ უწოდეს, თაღლითური ორგანიზაცია გაეუქმებინათ და ევროპაშიც ვხედავთ ამ გამოფხიზლებას. ვხედავთ უნგრეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს, აგერ პოლონეთიც ახლა ცოტა დაფიქრდება ალბათ, რა ხდება მათ თავს და ასე შემდეგ. სხვა ქვეყნებშიც ვხედავთ უკვე, რომ მოძლიერებულია ეს ძალები.

ამიტომ, ჩვენ იმედით ვუყურებთ იმ პატრიოტულ ძალებს, რომლებიც ევროკავშირში ძლიერდებიან და ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ურთიერთობას, ღირებულებით თანხვედრას ვხედავთ მაშინ, როდესაც იქნება ეროვნული ინტერესები, პატრიოტიზმი, ქრისტიანული, არა მაინცდამაინც ეკლესიური გაგებით ვამბობ, არამედ ღირებულებითი გაგებით, მათ შორის, ამ ფასეულობებს დაუბრუნდება ბრიუსელი და დაუბრუნდება ზოგადად ევროკავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები