თამარ იოსელიანი: საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის მიმდინარეობისას ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის როლზე, მისი განვითარების საკითხებზე და ამ პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ლონდონში გამართული გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე უმნიშვნელოვანეს თემაზე, კერძოდ – შუა დერეფნის როლზე, მისი განვითარების საკითხებზე და ამ პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
„ასამბლეის მიმდინარეობისას ვისაუბრეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს და ვახორციელებთ – ეს არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რომელიც ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რათა შუა დერეფანმა სრულად შეძლოს ფუნქციონირება. ასევე აქცენტი გავაკეთეთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე და ციფრულ სერვისებზე“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
საქართველოს დელეგაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ხელმძღვანელობით 24 -25 ნოემბერს ლონდონში გამართულ გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 34-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე, რომელსაც მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მარიამ ქვრივიშვილი მოხსენებით გამოვიდა. ამასთან, ასამბლეის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილმა და თამარ იოსელიანმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს IMO-ს გენერალურ მდივანთან, ასევე ორგანიზაციის წევრი – როგორც ევროკავშირის, ისე აზიის ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლებთან და კოლეგა მინისტრებთან.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც საქართველოს დელეგაციამ სესიის მიმდინარეობისას და ორმხრივი შეხვედრებისას ყურადღება გაამახვილა, ქართველ მეზღვაურთა თემაა. თამარ იოსელიანის ინფორმაციით, დღესდღეობით სახელმწიფო რეესტრში 20,000-ზე მეტი მეზღვაური ირიცხება და მათ საქართველოს ეკონომიკაში ძალიან დიდი როლი უჭირავთ. ასამბლეის ფარგლებში განხილულ იქნა ის მწვანე ინიციატივებიც, რომლებიც საქართველოს საზღვაო სექტორში აქვს დანერგილი.
„ასევე ვისაუბრეთ იმ ინიციატივებზე, რომლებიც ბევრად უფრო ეფექტურს ხდის საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანას. ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი ორმხრივი შეხვედრები გვქონდა როგორც ევროკავშირის, ასევე აზიის ქვეყნებთან – თურქეთის, საბერძნეთის, მალტის, ჩინეთის, სინგაპურის, კატარის, საუდის არაბეთის, ომანის მთავრობათა წარმომადგენლებთან. ჩვენ მათთან ვისაუბრეთ როგორც ეკონომიკურ-სავაჭრო, ასევე საზღვაო ლოგისტიკურ და სატრანსპორტო კავშირებზე და თანამშრომლობაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ვიზიტიდან გამომდინარე, ძალიან მალე ხელშესახები შედეგები გვექნება“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.