ემანუელ მაკრონი: პირობები, რომლებიც პუტინმა წამოაყენა, ნებისმიერისთვის მიუღებელია
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნებს “მიუღებელი” უწოდა. ამის შესახებ მან ვერსალში ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ განაცხადა.
“მე უნდა ვიყო რეალისტი. ჩვენ მუდმივად ვართ ჩართული პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებებში. ომის დაწყებამდე, ბოლო წუთებამდე და ომის დაწყებამდე მისი განცხადების შემდეგ, ჩვენ ვცდილობთ მოლაპარაკებას, რათა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ პირობები, რომლებიც პუტინმა წამოაყენა, ნებისმიერისთვის მიუღებელია“, – განაცხადა მაკრონმა.
მისი თქმით, დღეს საკითხავია, არის თუ არა პუტინი მზად გულწრფელი მოლაპარაკებების გასამართად.
”დღეს მე ვუყურებ ფაქტებს და ფაქტები ასეთია: რუსეთმა გადაწყვიტა ომის დაწყება, რუსეთი ბომბავს უკრაინას, რუსეთი ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას და პარალელურად აწარმოებს მოლაპარაკებებს. მაგრამ ეს მოლაპარაკებები არსად მიგვიყვანს. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას უახლოეს საათებში“, – დასძინა საფრანგეთის ლიდერმა.