“ვერ დაგაიმედებთ: განწირულები არიან” – რუსეთში სტუდენტებს ანტისაომარ აქციებზე მონაწილეობისთვის უნივერსიტეტებიდან რიცხავენ
სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აპირებს იმ სტუდენტების გარიცხვას, რომლებიც უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდნენ.
ამის შესახებ რუსული “კომერსანტი” წერს.
აღინიშნება, რომ შსს-მ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას 13 სტუდენტის სია გადასცა, თუმცა, გარიცხვის ბრძანებაზე ხელი ჯერ მოწერილი არ არის.
ახალგაზრდებს ორი ინსტანცია ელოდება: დისციპლინური და ეთიკის კომისია. თუმცა, ყველა ეს ღონისძიება მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათს ატარებს და არ მოქმედებს უნივერსიტეტის პრორექტორის გადაწყვეტილებაზე.
„სამწუხაროდ, პრორექტორ, ალექსანდრე ბაბიჩს გულწრფელად სჯერა, რომ შსს-დან მიღებული წერილი ახალგაზრდების გარიცხვის უპირობო მიზეზია. ვერ დაგაიმედებთ: განწირულები არიან. გარიცხვა ხდება აღდგენის უფლების გარეშე“, – განაცხადა უნივერსიტეტის დიდი სტუდენტური საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ მოჩალოვმა.
ამასთან, უნივერსიტეტში “კომერსანტს” განუცხადეს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება პოლიტიკის მიღმაა და არ იღებს არანაირ ზომებს სტუდენტების წინააღმდეგ, მათი სამოქალაქო თუ პოლიტიკური პოზიციისთვის.
გამოცემა ვარაუდობს, რომ სია გაფართოვდება.