IMF: რუსეთს ღრმა ეკონომიკური რეცესია ელოდება, მოსალოდნელია დეფოლტი
საერთაშორისო სავალუტო ფონდში აღარ ფიქრობენ, რომ რუსეთის დეფოლტი ნაკლებსავარაუდო მოვლენაა.
ფონდის მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთში ღრმა რეცესიაა მოსალოდნელი.
მისი თქმით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება რუსეთის ომი უკრაინაში, მით უფრო ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი იქნება სანქციების რეჟიმი და მათი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღარ განიხილავს რუსეთის დეფოლტს, როგორც ნაკლებად სავარაუდო მოვლენას. კატეგორიულად ვიტყოდი, რომ რუსეთის ეკონომიკა მკვეთრ შეკუმშვას განიცდის“, – აღნიშნა გეორგიევამ.
24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის გამო, მსოფლიოს ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს.
ამ მიზეზით, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა 26 რუსული სასაქონლო კომპანიის რეიტინგი, კერძოდ, “გაზპრომის”, “ტატნეფტის”, “NOVATEK”-ის, “ლუკოილის”, “Bashneft”-ის, “Severstal”-ის, “ნორნიკელისა” და “Rusal”-ის უკვე შეამცირა.
მსოფლიო ბანკში განაცხადეს, რომ რუსეთი და ბელარუსი დეფოლტის ზღვარზე არიან.