„დღეს განახლებული წიგნის მუზეუმი გავხსენით, პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს განახლებული გამოფენა დავათვალიერებინეთ“…
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის განახლებული მუზეუმი გაიხსნა.
ამ მოვლენასთან დაკავშირებით ბიბლიოთეკას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეწვია, რომელიც შეხვდა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს გიორგი კეკელიძეს, გაეცნო ბიბლიოთეკის მუშაობის ძირითად მიმართულებებს, დაათვალიერა ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებული წიგნის მუზეუმი.
„დღეს განახლებული წიგნის მუზეუმი გავხსენით. პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს განახლებული გამოფენა დავათვალიერებინეთ, სადაც განსაკუთრებული ადგილი ძველნაბეჭდ ქართულ წიგნებთან ერთად უკრაინულ უნიკალურ გამოცემებს უკავია.
რთულ დროში ვცხოვრობთ, მაგრამ მოქმედებას არ ვანელებთ მნიშვნელოვანი საქმეების საკეთებლად“, – წერს ფეისბუქის გვერდზე ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი მოადგილე, მირიან ხოსიტაშვილი.
ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში რამდენიმე ხნის წინათ დაწყებული სარემონტო სამუშაოები დასრულებულია, რომლის შედეგადაც განახლდა როგორც თავად მუზეუმი, ისე იშვიათ გამოცემათა საცავი. საცავში სრულადაა დაცული კლიმატკონტროლი და იშვიათი გამოცემების შენახვისთვის ყველა პირობაა შექმნილი.
განახლებულ წიგნის მუზეუმში გამოიფინა როგორც ქართული ძველნაბეჭდი წიგნები, ისე უცხოური გამოცემები, „ვეფხისტყაოსნის“ იშვიათი ცალები, მათ შორის შოთა რუსთაველის პოემის უკრაინული თარგმანი, უკრაინული რარიტეტული გამოცემები და ხელნაწერები, ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ პანდემიის პერიოდში შესყიდული უნიკალური საარქივო მასალები. მათ შორისაა ხელნაწერები, პლაკატები, მემორიალური ნივთები, ფოტოები, წიგნები – 1942 წელს გამოცემული კონსტანტინე გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი“ ავტორისეული მინაწერით, 1908 წელს გამოცემული ექვთიმე კერესელიძის (აღმსარებელი) „ლოცვანი“ მინაწერებითა და ავტოგრაფით, ვალერიან სიდამონ-ერისთავის ნახატები, გრიგოლ რობაქიძის ხელნაწერი, აფიშებისა და პლაკატების ხელნაკეთი მაკეტები, XIX-XX საუკუნის ისტორიის, კულტურის, არქიტექტურისა და ეთნოგრაფიის ამსახველი ფოტოები, ანთიმოზ ივერიელის უნიკალური გამოცემები და ა. შ.
ეს საარქივო დოკუმენტები აქამდე კერძო კოლექციებში ინახებოდა და მათი ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანის დიდი შესაძლებლობა არსებობდა. ამჟამად მასალები ეროვნული ბიბლიოთეკის საკუთრებაა. მიმდინარეობს მათი შესწავლა და დამუშავება, რომლის შემდეგაც დაგეგმილია მათი გაციფრება და ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბაზაში განთავსება.