9 – დღიანი ტყვეობის შემდეგ კნუტი თავისუფალია (ვიდეო)
თბილისში, სადარბაზოს საჰაერო მილში 9 დღის განმავლობაში დატყვევებული კნუტი სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადის დახმარებით გადაარჩინეს. შემთხვევა გლდანის მე-3 მკრ-ის 84-ე კორპუსში მოხდა. საჰაერო მილში ჩავარდნილი კნუტი ძლიერი ხმით კნაოდა და დახმარებას ითხოვდა. აღნიშნული ფაქტის შესახებ ორგანიზაცია „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოებას“ აცნობა მოქალაქემ, რომელიც ცხოველის უძლურების გამო შეშფოთდა და კნუტის გადარჩენა ითხოვა. ამის შემდეგ ორგანიზაცია საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც „კვირას“ ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვახტანგ მამალაძემ განუცხადა, თავდაპირველად კნუტის ტყვეობიდან გათავისუფლება ვერ მოხერხდა, თუმცა სამაშველო სამსახურის ბრიგადა დამატებით ბრიგადასთან ერთად ადგილზე მეორე დღესაც მივიდა.
„112“-ის თანამშრომლებმა კედლის განგრევის შედეგად კნუტი ერთ-ერთი სავენტილაციო მილიდან ამოიყვანეს.
„23 ივლისს ორგანიზაციაში შემოვიდა განცხადება, რომ სავენტილაციო შახტაში კნუტი იყო გამოკეტილი. ჩვენ გადავრეკეთ „112“-ში, საიდანაც დროულად მოვიდნენ გამოძახებულ მისამართზე. თავდაპირველად მოსახლეობამ ხელი არ შეგვიწყო და მაშველებმა სამუშაოს განხორციელება ვერ შეძლეს. ზუსტად ვერ გავიგეთ, თუ რომელ მილში იყო კნუტი გაჭედილი.
გუშინ ხელმეორედ მოხდა გამოძახება. კნუტის ხმა მეზობლებსაც ესმოდათ და უკვე ისინიც ძალიან ნერვიულობდნენ. სამაშველო სამსახურმა ორი ბრიგადა გამოუშვა. დაახლოებით ღამის სამი საათისკენ მაშველებმა ლიფტის მხრიდან კედელი გაანგრიეს და კნუტი მილიდან ამოიყვანეს. უსუსური იყო, მაგრამ ხმა ჰქონდა ძალიან ძლიერი, რამაც ის გადაარჩინა კიდეც“, – ამბობს „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე ვატანგ მამალაძე.
მისივე თქმით, ცხოველს გადასხმები გაუკეთდა, ვიტამინები მიიღო, გამოიკვება და ახლა თავს კარგად გრძნობს. სამაშველო სამსახურის ცნობით, შემდგომი მოვლის და ცხოველისთვის პატრონის მოძიების მიზნით, კნუტი გადაეცა ინიციატორს, რომელსაც სამსახური მადლობას უცხადებს თანამშრომლობისა და ცხოველზე მზრუნველობის დაწესებისათვის.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=gZ8p8FAyG1o&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]