თავდაცვის სამინისტროს კადრის ოფიცერი პრეზიდენტისა და მინისტრების უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
თავდაცვის სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი ოფიცერი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს. როგორც „კვირას“ ლეიტენანტმა გიორგი ლილუაშვილმა განუცხადა, მან წერილობით საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის მინისტრებს, პრემიერ – მინისტრს და პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესული აქტის აღსრულების თხოვნით მიმართა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია, რის გამოც იძულებული გახდა, მთავარი პროკურორისთვის მიემართა, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და თანამდებობის პირების მიმართ გამოძიების დაწყება მოეთხოვა.
“მოვითხოვ, გამოძიება დაიწყოს თანამდებობის პირების მიმართ. ასევე გამოძიების პერიოდში, ირაკლი ალასანიას, თეა წულუკიანს, ირაკლი ღარიბაშვილს და გიორგი მარგველაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდეს“, – ნათქვამია გიორგი ლილუაშვილის წერილში, რომელიც მან მთავარ პროკორორს 24 ივლისს მისწერა.
ლილუაშვილის ინფორმაციით, მისი განცხადებები და საქმის არსი გაცილებით ადრე იცოდა პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა, თუმცა, პარლამენტარს დღეს გიორგი ლილუაშვილის პრობლემები აღარ აინტერსებს.
„ჩემს საქმეს ირაკლი სესიაშვილის მიერ დაარსებული ჯარისკაცთა და ოფიცერთა უფლებების დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია სწავლობდა და უშუალოდ მათი დამსახურებით იქნა მოგებული ეს საქმე. ჩემს საქმეს ძალიან კარგად იცნობს ამჟამინდელი პარლამენტარი ირაკლი სესიაშვილი, მაგრამ დღეს აღარ აინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ წერილობით მივწერე კიდეც და ვთხოვე, დაინტერესებულიყო, როგორც პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე“, – განუცხადა „კვირას“ გიორგი ლილუაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ექიმი გიორგი ლილუაშვილი 2004 წლის ოქტომბერში სამსახურიდან მინისტრ გიორგი ბარამიძის ბრძანებით გაათავისუფლეს. როგორც ლილუაშვილი აცხადებს, მაშინ უწყება მინისტრის ბრძანებით 3800 ოფიცერზე მეტს დაატოვებინეს. გიორგი ლილუაშვილის ინფორმაციით, მაშინ სასამართლომ შეძლო, გაეუქმებინა 521 ოფიცრის დათხოვნის ბრძანება და მათი უწყებაში აღდგენის საკითხი დადებითად გადაწყდა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება დღემდე არ სრულდება. უფრო მეტიც, თავდაცვის მინისტრმა, ცვლილების შედეგად, სასამართლო აქტი ბათილად ცნო და უწყების ყოფილი თანამშრომლები სამსახურიდან აღდგენის გარეშე დაითხოვა. იმის გამო, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება წლების განმავლობაში არ სრულდება, თადარიგის ოფიცერი ამჟამინდელი ხელისუფლების ყველა რგოლს მიმართავს. გიორგი ლილუაშვილმა მთავარ პროკურატურას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა უშედეგოდ. მისი თქმით, მისი საქმე მთავარი პროკურატურის გამომძიებელს ზურაბ ლორიას აწერია.
„სამჯერ მივმართე ჩემი საქმის გამო მთავარ პროკურატურას. სამივე შემთხვევაში საქმე ზურაბ ლორიას დააწერეს. ლორიამ ჩემი საქმე მოსაკვლევად თავდაცვის სამინისტროში გადაგზავნა. არადა, თავის დროზე, 2004 წელს, ვინც ამ 3800 ოფიცრის გათავისუფლების სიის შედგენაში მონაწილეობდა და ოფიცრების გაყრაში ლომის წილი მიუძღვის, დღეს თავდაცვის სამინისტროს კადრების დეპარტამენტის უფროსია და ის გია ჯაჭვაძეა. გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროსი 2004 წელსაც და ამჟამადაც ვახტანგ კაპანაძეა. ამით იმის თქმა მინდა, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ძალიან კარგად იციან, რომ უწყებიდან უკანონოდ ვართ გათავისუფლებულები, მაგრამ არავის აინტერესებს. მე მხოლოდ კანონის ფარგლებში, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ვითხოვ და იმ 521 ოფიცრის სამინისტროში დაბრუნებას, რომლებიც გია ბარამიძის ბრძანებას შევეწირეთ“, – აცხადებს კადრების განყოფილებაში მყოფი ოფიცერი გიორგი ლილუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ლილუაშვილი 2001 წლის 14 სექტემბრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს N 06325 სამხედრო ნაწილში – ექიმის თანამდებობაზე მსახურობდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 24 ივლისის ბრძანებით, ის 2004 წლის 25 ივლისიდან კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს. „ 2004 წლის 29. სექტემბერის N 1/782 ბრძანებით, 2004 წლის 4 ოქტომბრიდან 2004 წლის 29 ნოემბრამდე, მივლინებული ვიყავი დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის უცხო ენების შემსწავლელ ცენტრში, ინგლისური ენის შემსწავლელ გაძლიერებულ ორთვიან კურსებზე, შემდგომში სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გასაგზავნად. ამავდროულად კი, როგორც შემდგომში გაირკვა, თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის #1/810 ბრძანებით, სასწავლო მივლინებაში მყოფი დამითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან. თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული #1/810 ბრძანება ჩემ მიერ ცალსახად გასაჩივრებული იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და საბოლოოდ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ 2005 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ბათილად სცნო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2004 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება #1/810 და აღმადგინა კადრების განკარგულებაში. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2006 წლის 28 თებერვლის განჩინებით ძალაში დატოვა აღნიშნული გადაწყვეტილება. ყოველივე ამის შემდეგ, მივმართე სააღსრულებლო ბიუროს, რათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მომხდარიყო თავდაცვის მინისტრის 2004 წლის #1/810 ბრძანების გაბათილება და ჩემი აღდგენა თავდაცვის სამინისტროს კადრების განკარგულებაში. თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელმა გელა ქომეთიანმა 2006 წლის 3 აპრილს წერილით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სადაც წინადადება მისცა ამ უწყებას “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და 28-ე მუხლის თანახმად 5 დღის ვადაში ნებაყოფილობით აღესრულებინათ სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია“,- ნათქვამია გიორგი ლილუაშვილის საჩივრის წერილში.