ვახტანგ მაისაია: ჯერჯერობით, იმის პროგნოზი არაა, რომ ომი უკრაინაში შეიძლება, მოკლე ვადებში დასრულდეს

სამწუხაროდ, ჯერჯერობით, იმის პროგნოზი არაა, რომ ომი უკრაინაში შეიძლება, მოკლე ვადებში დასრულდეს, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსმა, ვახტანგ მაისაიამ განაცხადა.

მაისაიამ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ჯერჯერობით, იმის პროგნოზი არაა, რომ ომი უკრაინაში შეიძლება, მოკლე ვადებში დასრულდეს.
სავარაუდოდ, საომარი მოქმედებები  შესაძლოა, 1 თვის განმავლობაში გაგრძელდეს. რუსეთი, როგორც ჩანს, ემზადება, უკრაინაში მეორე ეშელონით შევიდეს. უკრაინისთვის ეს საკამოდ დიდი სამხედრო გამოწვევაა. ვფიქრობ, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამისთვის მზად არიან“, – განაცხადა მაისაიამ.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გეგმაში ჰქონდა, უკრაინის სახელმწიფოებრიობა გაეუქმებინა. როგორც მაისაიამ განაცხადა, პუტინს ბლიცკრიგის გეგმა ჩაუვარდა.

„შევეცდები, უკრაინაში არსებული სიტუაცია სამხედრო- პოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული კუთხით შევაფასო. ომის დაწყების წინა დღეს „კვირას“ პრესკლუბში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გავაკეთე პროგნოზი, რომ საბრძოლო მოქმედებები უახლოეს პერიოდში დაიწყებოდა ისეთი მოდელით, რომელიც, სამწუხაროდ, შემდგომში განხორციელდა. მინდა, ავხსნა, რა იყო კრემლის ძირითადი მოტივაცია, სამხედრო-სტრატეგიული ამოცანებიდან გამომდინარე მიზანი. რუსეთის შეიარაღებული ძალების ფარგლებში 3 ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება შეიქმნა, შეტევის 3 მიმართულება განისაზღვრა. ესაა: ბელგოროდი, ხარკოვი, დნეპროპეტროვსკი, პირობითად ავიღოთ სევასტოპოლი, ხერსონი, ნიკოლაევი და ოდესა, მესამე მიმართულება ოკუპირებული დონბასის ტერიტორიები, დონეცკი და ზაპოროჟიეს მიმართულება იყო. მოულოდნელად შეტევა 3 მიმართულებით განხორციელდა. შეტევა სწორედ კლასიკური, გერმანული მესამე რაიხის, ვერმახტის, „ბარბაროსას სტრატეგიული ოპერაციის“ ფარგლებში მოხდა. როგორც ჩანს, პუტინმა ჰიტლერის ეს სტრატეგია კარგად შეისწავლა. დილის 4 საათზე, ომის გამოცხადების გარეშე თავს დაესხა უკრაინას. კრემლმა ამას სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაარქვა. სამხედრო მეცნიერებაში ასეთი ტიპის განმარტება არ არსებობს. აქაც ჩანს, რომ კრემლმა მისი სწორი არგუმენტირება ვერ შეძლო. კრემლის ძირითადი მიზანი იყო, უკრაინაში დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტი მოეხდინა. ტაქტიკური სამანევრო -საბატალიონო ჯგუფები 65 ერთეული იყო, მათ მხარს უმაგრებდა დაახლოებით 500-600 საბრძოლო ტანკი, 4 000 ზალპური საარტილერიო სისტემების ერთეულები. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ დაჯგუფებას ზურგს ოპერატიულ-ტაქტიკური ავიაცია უმაგრებდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ძირითადი აქცენტი კეთდებოდა დამრტყმელ და სატრანსპორტო შვეულმფრენებზე, დრონების უპილოტო თვითმფრინავებზე, ძირითადად, საფრონტო მოიერიშე თვითმფრინავებზე, რომელთა სიმაღლე 3-4 კილომეტრს არ აღემატებოდა. იყო ძირითადი 3 ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა. სავარაუდოდ, მათთვის ოპერატიულ ვადად 1 კვირა იყო დაწესებული, პუტინი ფიქრობდა, რომ 2-3 მარტისთვის ეს ოპერაცია დაესრულებინა. მისი მთავარი იდეა იყო, დაეკავებინა უკრაინის სამხრეთ რაიონები, დონბასის მთლიანი ტერიტორია, ხარკოვის და დნეპროპეტროვსკის მიმართულებით გასულიყო. შესაბამისად, შემდეგ მთავარი იდეა იყო, კიევი ალყაში მოექცია, უკრაინის ხელისუფლების დაკავება და იძულებითი კაპიტულაცია მოეხდინა. ეს იყო პუტინის გეგმა. მას გეგმაში ჰქონდა, უკრაინის სახელმწიფოებრიობა გაეუქმებინა. ეს იყო სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლა. ის აპირებდა, ხარკოვში ან დნეპროპეტროვსკში ახალი პოლიტიკური გაერთიანება გამოეცხადებინა. სახელწოდებაც კი მოიფიქრეს – „უკრაინის ფედერაციული რესპუბლიკა“. იანუკოვიჩი და პრორუსი პოლიტიკოსები, როგორც ჩანს, მზად იყვნენ, ე.წ. გარდამავალი მთავრობა შეექმნათ.

პუტინს ამ გეგმის ჩავარდნა უკვე მეორე დღესვე შეეტყო. ის იძულებული იყო, ასე ვთქვათ, მეორადი მიმართულება გაეხსნა, ანუ ჩრდილოეთ მიმართულება, ბელარუსის საზღვრიდან კიევის მიმართულებით. პუტინი დარწმუნებული იყო, რომ უკრაინას დაიპყრობდა და მოკლე პერიოდში პოლიტიკური რუკიდან გააქრობდა. მას იმედი ჰქონდა, რომ უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში ისე მიიღებდნენ, როგორც გამათავისუფლებელს, მაგრამ ამაში შეცდა, ბლიცკრიგის სტრატეგიული გეგმა ჩაუვარდა. მას მოუწია, კიევის მიმართულება გაეხსნა. პუტინს ეს ყველაფერი სრულმასშტაბიანი ომის ფორმატში გადაეზარდა. ეს ომი მიმდინარეობს სუვერენულ უკრაინასა და დამპყრობელ რუსეთს შორის“, – განაცხადა მაისაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები