იენს სტოლტენბერგი: ნატო არ აპირებს, უკრაინა ფრენისთვის აკრძალულ ზონად გამოაცხადოს

ბრიუსელში გამართულ, ნატო-ს საგანგებო მინისტერიალზე უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შექმნის საკითხი დაისვა, თუმცა, მოკავშირეებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ შედგა.

როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს გამოიწვევს სრულმასშტაბიან ომს ევროპაში, რომელშიც ჩართული იქნება მრავალი ქვეყანა.

მისი თქმით, წევრ ქვეყნებს აქვთ პასუხისმგებლობა უზრუნველყონ, რომ ომი უკრაინის ფარგლებს გარეთ არ გამწვავდეს.

„ეს იყო ნახსენები, მაგრამ მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ არ გვჭირდება ნატოს თვითმფრინავები უკრაინის საჰაერო სივრცეში ან ნატო-ს ჯარების შესვლა უკრაინაში“, – თქვა სტოლტენბერგმა.

უკრაინელი ჟურნალისტების კითხვებზე, შეუძლია თუ არა ალიანსს საკუთარი პოზიციის გადახედვა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მიანიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება შეუძლებელია.

„ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ ომის დეესკალაცია. თუკი ომი უკრაინის ფარგლებს გარეთ იქნება, მაშინ სიტუაცია კიდევ უფრო სახიფათო გახდება. ამიტომ, ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ არ ჩავერევით არც ხმელეთზე და არც საჰაერო სივრცეში“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი განმარტებით, სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო ახორციელებენ ნატო-ს წევრი ქვეყნები რუსეთზე ძლიერ ზეწოლას სანქციებით და დახმარებას უწევენ უკრაინას, მაგრამ არ სურთ თავიანთი ძალების უშუალო ჩართვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები