1 აგვისტოდან სურსათის ეტიკეტზე ტერმინების – “ორგანული” “ეკო”, “ბიო” გამოყენება იკრძალება
სურსათის ეროვნული სააგენტო შეახსენებს ბიზნესოპერატორებს, რომ 1 აგვისტოდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის №198 დადგენილება და სურსათის ეტიკეტზე ტერმინების – “ორგანული” “ეკო”, “ბიო” გამოყენება იკრძალება. “ბიოწარმოების შესახებ” დადგენილების თანახმად, დაუშვებელია ტერმინების “ბიო”, “ეკო”, “ორგანული” გამოყენება იმ სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტზე/ნიშანდებაზე, რეკლამასა და კომერციულ დოკუმენტში, რომელიც შეიცავს, ან მიღებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან და რომლის წარმოება არ ხდება ბიოწარმოების წესების შესაბამისად.
სააგენტოს ცნობით, “ბიოწარმოების შესახებ” წესების მიზანია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენება, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა; ასევე იმ მეწარმის დაცვა, რომელიც ამ წესების შესაბამისად აწარმოებს ბიოპროდუქტს (ან ისეთ პროდუქტს, რომლის ეტიკეტზე/ნიშანდებაში გამოყენებულია სიტყვათა ნებისმიერი კომბინაცია – „ორგანული”, „ეკო”, „ბიო”), რათა სხვა პროდუქტს არ მიენიჭოს ბიოპროდუქტის სტატუსი.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ბიოპროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით ან/და საერთაშორისოდ აღიარებულ მოთხოვნებს.
„წესები ვრცელდება ბიოპროდუქტზე, რომელიც განთავსებულია ბაზარზე ან გამიზნულია ბაზარზე გასატანად და რომლის წარმოებისა და დისტრიბუციის პირობები, ინსპექტირებისა და სერტიფიკაციის პროცედურები შეესამება ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს. ესენია: სურსათად განკუთვნილი პირველადი წარმოების პროდუქტი, ცხოველის საკვები და პირველადი პროდუქტის გადამუშავებით/დამზადებით მიღებული სურსათი, მათ შორის, ღვინო; ცხოველის საკვები; საფუარი, რომელიც გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებაში. ეს წესები არ ვრცელდება პირადი და ოჯახური მოხმარებისათვის განკუთვნილ ბიოპროდუქტის წარმოებაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო შეახსენებს ბიზნესოპერატორებს, რომ სათანადო სერტიფიკატის უქონლობის შემთხვევაში, ტერმინების – “ორგანული”, “ეკო”, “ბიო” გამოყენება წარმოადგენს ეტიკეტირების წესის დარღვევას, რაც 1 აგვისტოდან გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას და დაჯარიმებას პირველ ეტაპზე 400 ლარით, ხოლო ერთი წლის განმავლობაში იმავე პირის მიერ დარღვევის გამეორების შემთხვევაში – 1200 ლარით. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული დადგენილების მიღება განაპირობებს მომხმარებელთა მაქსიმალურ ინფორმირებას, ქართული პროდუქციის ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას, ბიოპროდუქციის მწარმოებელ ფერმერს კი მეტი შემოსავლის მიღების საშუალებას მისცემს.
დეტალური ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე: