როგორია ვითარება კონფლიქტის ზონაში – ‘’კვირა’’ დონეცკში მცხოვრებ ემიგრანტს ესაუბრა
რუსეთ-უკრაინის ომი, როგორია ვითარება კონფლიქტის ზონაში – ‘’კვირა’’ დონეცკის ოლქში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს ესაუბრა.
მოგესალმებით და მადლობა, ასეთ რთულ ვითარებაში დრო რომ გამონახეთ ჩვენთან სასაუბროდ. თუ შეგიძლიათ, გვითხრათ, რა ვითარებაა ახლა თქვენთან?
– ჩვენ დონეცკის ოლქში, კერძოდ, ბახმუტის რაიონში ვიმყოფებით. გვიან ღამით იყო ძლიერი აფეთქების ხმა, ჩაიმსხვრა სახლის მინები. არის კომუნიკაციის პრობლემა. გუშინ არ გვქონდა ელექტროენერგია.
თუ გაქვთ მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტის მარაგი?
– რთული ზამთარი იცის ჩვენთან, შესაბამისად, პროდუქტები და ყველა საჭირო ნივთი მომარაგებული გვქონდა. სამი ოჯახი, რომლებიც ვიმყოფებით აქ, ერთად ვართ სარდაფში უსაფრთხოების გამო.
რუსი სამხედროები თუ მოძრაობენ ახლა სოფელში?
– ცენტრში იყო ერთი მაღაზია და როგორც მეზობელმა თქვა, ის გაუძარცვავთ. ისე არ შეგვინიშნავს სამხედროები.
რამდენადაც მე ვიცი, თქვენ შეგეძლოთ საქართველოში ჩამოსვლა – რატომ არ დატოვეთ უკრაინა? თქვენი ოჯახისთვის საქართველოში ყოფნა ახლა ხომ უფრო უსაფრთხო იქნებოდა.
– ჩვენ, ამ რაიონში ვინც ვართ ქართველები, არც კი გვიფიქრია უკრაინის დატოვება, ეს არის ჩვენი სამშობლო. აქ მხოლოდ ქალები და ბავშვები ვართ დარჩენილი. მამაკაცები იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის.
ცნობისთვის, რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს, გამთენიისას დაესხა. მას შემდეგ, მთელ რიგ ქალაქებზე სამხედრო ინტერვენცია გრძელდება.