“პუტინის ომი უკრაინასთან შეასუსტებს რუსეთს და გააძლიერებს დანარჩენ მსოფლიოს“ – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესში “ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ” ყოველწლიური ანგარიშით, პირველად წარდგა. კონგრესში ეს გამოსვლა მიიჩნევა წლის მთავარ მიმართვად, რომელშიც სახელმწიფოს მეთაური აცნობს კონგრესის ორივე პალატას შიდა და საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ ვითარებას და ასევე ასახავს თავის პოლიტიკის პრიორიტეტებს.

თავისი გამოსვლა, აშშ-ის ლიდერმა დაიწყო უკრაინაში შექმნილი ვითარებით და აღნიშნა, რომ პუტინი იზოლირებულია მსოფლიოში, როგორც არასდროს.

პრეზიდენტმა ჩამოთვალა ის სანქციები, რომლებიც აშშ-მა რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებსა და ოლიგარქებს დაუწესა.

ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ხურავს თავის საჰაერო სივრცეს რუსული თვითმფრინავებისთვის.

ამის შემდეგ, პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინისა და უკრაინელების დახმარებაზე „თავისუფლებისთვის ბრძოლაში“: „ჩვენ უკრაინას 1 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი დახმარება გავუწიეთ“.

ბაიდენმა გაიმეორა, რომ აშშ-ს ჯარები არ მიიღებენ მონაწილეობას ომში, მაგრამ მზად არიან დაიცვან ნატო-ს მოკავშირეების ტერიტორიის “ყოველი სანტიმეტრი”.

ჯო ბაიდენმა ასევე გამოაცხადა, რომ აშშ და 30 სხვა სახელმწიფო 60 მილიონი ბარელი ნავთობის რეზერვებიდან (აშშ – 30 მილიონი ბარელი) გადაიტანენ, რათა შეამცირონ ენერგორესურსების ფასები, რომლებიც გაიზარდა რუსეთის შემოჭრის გამო.

„დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის ბრძოლაში, დემოკრატიები აღდგნენ საპასუხო ქმედებისთვის და მსოფლიომ გააკეთა მკაფიო არჩევანი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, – თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ „პუტინის ომი უკრაინასთან შეასუსტებს რუსეთს და გააძლიერებს დანარჩენ მსოფლიოს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები