სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის შექმნის უფლება ექნება
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით განიხილეს და 79 ხმით, ერთხმად მიიღეს.
პარლამენტის ინფორმაციით, კანონში ცვლილების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება ექნება შექმნას საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა.
„შემოთავაზებული ცვლილება შესაძლებელს გახდის, რომ საერთაშორისო სკოლის ფორმით შექმნილი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მმართველობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით განახორციელოს უცხოურმა ორგანიზაციამ, რომელსაც აქვს საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობის მნიშვნელოვანი და წარმატებული გამოცდილება, რაც ხელს შეუწყობს განათლების სფეროს ინტერნაციონალიზაციას და განათლების ხარისხის ამაღლებას უცხოური საგანმანათლებლო პარტნიორობის მოზიდვას”, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ.
მისი თქმით, სამაგისტრო გამოცდების დროულად ორგანიზების მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცემათ მათ მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდები ჩაატარონ როგორც საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებამდე ასევე მის შემდეგ. მისივე თქმით, ცვლილების თანახმად საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატის გაცემის ვალდებულება აღარ იქნება.