ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა და ვალია, რომ უკრაინას მხარი დავუჭიროთ ყველა დონეზე – სიტყვით და საქმით

კიდევ ერთხელ სოლიდარობა უნდა გამოვხატოთ ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მეგობარი ხალხი იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და ჩვენ მათ გვერდით ვუდგავართ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მან საქართველოს მოსახლეობას უკრაინის მიმართ გამოხატული სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი ვალია უკრაინას მხარი დავუჭიროთ ყველა დონეზე როგორც სიტყვით, ისე – საქმით.

“ვხედავთ, როგორ გულშემატკივრობს ქართველი ხალხი მეგობარ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში და კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ ჩვენს მეგობრობას აქვს ძალიან ხანგრძლივი ისტორია, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ემოციური კავშირი უკრაინელებთან და შესაბამისად, მათი ტკივილი ჩვენ განსაკუთრებულად გვტკენს გულს. სწორედ ამის გამოხატულებაა ის განსაკუთრებული სოლიდარობა, რომელიც აჩვენა ქართველმა ხალხმა. ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითისთვის. ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა და ვალია, რომ უკრაინას მხარი დავუჭიროთ ყველა დონეზე – სიტყვით და საქმით“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები