ოთარ შამუგია: დღეს ქვეყანაში კვების არცერთი პროდუქტის, მათ შორის, პირველადი მოხმარების, მომარაგების პრობლემა არ არის
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან გამართულ შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ქვეყნის სურსათით მომარაგების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში კვების არცერთი პროდუქტის, მათ შორის, პირველადი მოხმარების, მომარაგების პრობლემა არ არის.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა იმპორტიორებთან, მუდმივ კავშირზე ვართ მათთან. ამ ეტაპზე, არანაირი შეფერხება სურსათით მომარაგების კუთხით არ არსებობს. არის შეფერხება უკრაინასთან ვაჭრობის მიმართულებით; თუმცა, ეს საკითხი იმგვარად არის დარეგულირებული, რომ დღეს ქვეყანაში, არც ერთი კვების პროდუქტის, მათ შორის, პირველადი მოხმარების, მომარაგების პრობლემა არ არის. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნებით იმპორტიორებთან და საჭიროების შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში ხორბლის მარაგების თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს; ქვეყანაში ასევე შემოდის ფქვილი და ამ მიმართულებითაც შეფერხება არ არის.
„რაც შეხება ფქვილის და ხორბლის ფასებს, გვაქვს მოლაპარაკებები შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან და წინადადებების განხილვის პროცესში ვართ. საბოლოოდ, ერთობლივად შევთანხმდებით, თუ რა ღონისძიებებს გავატარებთ ამ მიმართულებით. მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ოპტიმალური იქნება ქვეყნისა და სექტორისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.