უკრაინაში მიმავალი ბორანი ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაბრუნდება და მასზე მყოფი, უკრაინის მოქალაქეები სასტუმროებში უსასყიდლოდ განთავსდებიან
საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აგრძელებს უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, 23 თებერვალს უკრაინის ჩერნომორსკის ნავსადგურში მიმავალი სატვირთო ბორანი, ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე, ღია ზღვიდან ფოთის საზღვაო ნავსადგურში ბრუნდება.
„ბორანი, რომელიც ფოთის პორტში შემოვა, უკვე განთავისუფლებულია საპორტო და სხვა მოსაკრებლებისგან”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, ბორანზე მყოფი უკრაინის მოქალაქეები, მას შემდეგ, რაც ბორანი საქართველოში ჩამოვა, სასტუმროებში უსასყიდლოდ განთავსდებიან.