“ეს სიგიჟეა!” – ცნობილი რუსი გამომცემელი უკრაინის მოვლენების შესახებ

“რაც ახლა ხდება, საშინელებაა, ეს ტრაგედიაა…კატასტროფა! ეს არის ომი მეგობარი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ ხშირად გვეუბნებოდნენ ფრაზას, რომ რუსები და უკრაინელები ძმები არიან, მაგრამ ეს დღევანდელ ვითარებამდე იყო”, – ასე გამოეხმაურა ცნობილი რუსი გამომცემელი, ირინა პროხოროვა​ უკრაინაში კრემლის ინტერვენციას. მან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია რუსულ მედიას გაუზიარა:

“ეს ომი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანური ტრაგედიაა. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ, ორი ერი ერთმანეთს მჭიდროდ გადავეჯაჭვეთ. ყველას გვყავს უამრავი ნათესავი, ქმარი, ცოლი, კოლეგა, რომლებიც ყოველთვის იდეალურად თანაარსებობდნენ, ახლა ეს ურთიერთობები საფრთხის ქვეშაა. როგორც ჩანს, ამაზე არავის უფიქრია… რაც ხდება, კატასტროფაა, მათ შორის ჰუმანიტარულიც. რა სიკეთის მოტანა შეუძლია ომს?

მე უკვე არაფრის მჯერა და მიჭირს საერთოდ რაიმეს თქმა…თითქმის ყველამ თქვა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა! დღემდე ბევრს სჯეროდა, რომ პუტინი უბრალოდ აშინებდა დასავლელ პარტნიორებს…რაც ხდება, საღი აზრისა და ლოგიკის თვალსაზრისით ამის ახსნა შეუძლებელია. ეს სიგიჟეა. მაგრამ, ასე იწყება ომები…როდის დასრულდება და რა შედეგით – ეს დიდი კითხვაა.

შესაძლებელია თუ არა საყოველთაო პროტესტი რუსეთში გაჩაღებული ომის ფონზე, რთული საკითხია. მრავალწლიანმა პროპაგანდამ თავისი საქმე გააკეთა. ვფიქრობ, ბევრს გულწრფელად სჯერა იმის, რასაც ტელევიზორში ამბობენ. შესაძლოა, საყოველთაო პროტესტი მაშინ მივიღოთ, თუკი ომი გაჭიანურდება, როდესაც მრავალი მსხვერპლი გვეყოლება. შემდეგ რუსი ხალხი თანდათან დაიწყებს იმის გააზრებას, თუ რა საშინელება ხდება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები