ერდოღანი სომხეთთან საზღვრების გახსნას არ გამორიცხავს

თურქეთი სომხეთის მიერ ანკარასკენ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებზე რეაგირებას გააგრძელებს, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა.

მისი თქმით, ამ პოზიტიური ნაბიჯების შედეგად, ანკარამ გადაწყვიტა, განეახლებინა პირდაპირი ფრენები სომხეთთან.

“მოგეხსენებათ, ჩარტერული რეისები თვის დასაწყისში გაიხსნა. ჩვენ ველით, რომ სომხეთი გააგრძელებს პოზიტიურ მიდგომას ურთიერთობების ნორმალიზების საკითხთან დაკავშირებით. თურქეთმა განაცხადა, რომ, “3+3″ პლატფორმის შექმნით, ჩვენ შევძლებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების მოგვარებას”, – თქვა ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერის თქმით, თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესი შეიძლება, აზერბაიჯან-სომხეთს შორის ანალოგიური პროცესის პარალელურად წავიდეს.

„ჩვენი იდეა რეგიონული თანამშრომლობის შესახებ მხარს უჭერს ამ ორმხრივ პროცესებს. ყველამ უნდა იმოქმედოს კონსტრუქციულად, რათა გამოიყენოს ეს ისტორიული შესაძლებლობა. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა ნაბიჯის გადადგმას აზერბაიჯანთან მჭიდრო კოორდინაციით“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ რეგიონს სჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა.

„სამხრეთ კავკასიას სჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა. ასე ფიქრობს ჩემი ძმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევიც. თურქეთი კმაყოფილია სომხეთის ნებით ნორმალიზაციის პროცესის მიმართ. ჩვენ ვიცით, რომ მათ ასევე აქვთ მოლოდინი მოლაპარაკებებისგან, როგორიცაა საზღვრების გახსნა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. თუ სომხეთი მზად არის, გააგრძელოს პროცესი, მაშინ არ გვექნება საფუძველი, რომ საზღვრები დაკეტილი შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები