ბაკურიანი მზადაა პარალელური გიგანტური სლალომის დისციპლინაში ევროპის, ხოლო სლოუფსთაილში მსოფლიო თასის ეტაპების ღირსეულად მასპინძლობისთვის, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც საერთაშორისო შეჯიბრების წინ ეწვია ბაკურიანს და პირადად გაეცნო მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობას.
„ბაკურიანში სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს იმისთვის, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ევროპისა და მსოფლიო თასს ჩვენს კურორტზე. ძალიან სასიხარულოა, რომ უკვე მივიღეთ ძალიან მაღალი შეფასება იმ სამზადისისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში გასწია – მოვაწყვეთ ახალი სასრიალო ტრასები, ახალი საბაგირო და ხელოვნური გათოვლიანების სისტემა”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. ბაკურიანში 19-20 თებერვალს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ევროპის თასის ეტაპები, 3-6 მარტს კი მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართება. ევროპის თასის ეტაპები მოიცავს პარალელური გიგანტური სლალომის დისციპლინას, ხოლო მსოფლიო თასის ეტაპები – სლოუფსთაილის.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი შეჯიბრი განსაკუთრებული იქნება – ბაკურიანი სლოუფსთაილის სახეობას პირველად უმასპინძლებს. ჯამურად, კურორტს მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის (ავსტრია, ავსტრალია, გერმანია, იტალია, შვეიცარია, ჰოლანდია, პოლონეთი და ა.შ. ), 200-მდე სპორტსმენი ეწვევა. როგორც მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატების შეფასებით, საქართველომ ძალიან ღირსეულად გაართვა თავი დაკისრებულ იმ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, რომელიც ევროპისა და მსოფლიო თასებისთვის ინფრასტრუქტურულ მზადყოფნას გულისხმობს.