ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინიდან საელჩოს თანამშრომლების გაყვანა გააკრიტიკა

ავსტრიის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე შალენბერგმა გააკრიტიკა დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის გადაწყვეტილება უკრაინიდან საელჩოს პერსონალის გაყვანის თაობაზე.

ამის შესახებ პოლიტიკოსმა Funke ჯგუფის გამოცემებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს არის საეჭვო სიგნალი უკრაინის მოქალაქეებისთვის – ვადაზე ადრე დიპლომატების ევაკუაცია. ავსტრიის საელჩოს თანამშრომლები ამ არასტაბილურ პერიოდში უნდა დარჩნენ თავიანთ თანამდებობებზე მანამ, სანამ ეს გამართლებული იქნება”, – თქვა დიპლომატმა.

მინისტრმა გერმანიას მხარი დაუჭირა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარის თქმის საკითხში.

რაც შეეხება ავსტრიას, მისი პოზიცია ასეთია – “იარაღის მიწოდება გამორიცხულია”.

ალექსანდრე შალენბერგის აზრით, ევროპამ თავი არ უნდა დაიკნინოს, „საუბარია ევროკავშირზე, რომელსაც ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს რუსეთთან და, შესაბამისად  უდიდესი გავლენა აქვს მოსკოვზე”.

მან ასევე მკვეთრად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვები, რომელმაც უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით „მსოფლიო ომის“ საფრთხეზე ისაუბრა.

“მე არ მჯერა დიდი ხანძრების. მაგრამ მიმაჩნია, რომ ასეთი გამონათქვამების გამოყენება სახიფათოა, რადგან მათ შეუძლიათ, ასეთი ხანძრებისკენ უბიძგონ”, – განაცხადა ავსტრიელმა პოლიტიკოსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები