ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი აღარ განიხილება
“ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი ამ ეტაპზე აღარ განიხილება, იგეგმება ქალაქში არსებული ორთაჯამის მეჩეთის გაფართოება”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განცხადება დღეს დილით მეჩეთში გააკეთა, სადაც არჩილ ხაბაძე მუსლიმი მრევლისთვის რამაზან ბაირამის დღესასწაულის მისალოცად მივიდა.
დღეს ის რამაზან ბაირამის ლოცვას დაესწრო და მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა. ხაბაძის განცხადებით, საკითხით პირადად პრემიერ-მინისტრია დაინტერესებული და პროცესს თავად გააკონტროლებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გუშინ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრაზე სრულიად საქართველოს მუფთმა ისაუბრა, თუმცა შეთანხმების დეტალები მან არ დააკონკრეტა. ჯემალ პაქსაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის პოზიციით კმაყოფილია.
მეჩეთის გაფართოების წინააღმდეგია ქართველ მუსლიმთა კავშირი და მრევლის ნაწილი. ისინი მიიჩნევენ, რომ არსებული ჯამე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და იგი უცვლელი სახით უნდა შენარჩუნდეს. ისინი ბათუმში კვლავ ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვენ.
რამაზან ბაირამის ლოცვას დღეს ბათუმში ასეულობით მორწმუნე დაესწრო. ნაწილმა ლოცვა ქუჩაში აღავლინა. ბაირამი ერთთვიანი მძიმე მარხვის შემდეგ აღინიშნება.