პოლონეთის პრემიერი: რაც უფრო კარგად იქნება შეიარაღებული უკრაინა, მით ნაკლებად ექნება კრემლს თავდასხმის მადა
პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ირგვლივ არსებული სიტუაცია მშვიდობიანი გზით მოგვარდება. თუმცაზ აღნიშნა, რომ მშვიდობისკენ სწრაფვის დროს ომისთვის უნდა იყოს მზადება.
ამის შესახებ სააგენტო PAP იტყობინება.
„ჩვენ ყველას გვაქვს მშვიდობიანი გადაწყვეტის იმედი, მაგრამ ვიცით, რომ მშვიდობის მისაღწევად ჩვენ უნდა მოვემზადოთ ომისთვის“, – განაცხადა მორავიეცკიმ.
მისივე თქმით, პოლონეთი, ისევე – როგორც შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი, აწვდის უკრაინას თავდაცვით იარაღს.
„ჩვენ ვაწვდით თავდაცვით იარაღს, რომ ჩვენმა მეზობელმა შეძლოს თავის დაცვა რუსული აგრესიისგან. რაც უკეთესად იქნება პოლონეთი და ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგი, ასევე, უკრაინა შეიარაღებული, მით ნაკლები ექნება კრემლს შეტევის მადა, ასევე, სუვერენული სახელმწიფოების ნეოიმპერიული პოლიტიკით განადგურების სურვილი“, – ხაზგასმით აღნიშნა მორავიეცკიმ.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ სრულმასშტაბიანი შეტევა არ მოხდება.
ამასთან, მისივე თქმით, ვარშავა მზად არის უკრაინელი ლტოლვილების მისაღებად.