ვახტანგ ძაბირაძე: ახლა ოპოზიციისთვის ერთადერთი გამოსავალი რეალობის ობიექტურად გაანალიზებაა, მანამდე კი “ოცნება” მომგებიან სიტუაციაში იქნება
“როდესაც ხელოვნურად იწყებ რეალობის შექმნას, მერე თავადვე მისი მძევალი ხდები. ასე დაემართა დღეს ოპოზიციას და ამიტომ არის დიფერენცირებული და ჩამოუყალიბებელი”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი, ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ახლა ოპოზიციისთვის ერთადერთი გამოსავალი რეალობის ობიექტურად გაანალიზებაა.
“მმართველ გუნდს უამრავი მექანიზმი აქვს იმისთვის, რომ თავისი ხელისუფლება განამტკიცოს, შექმნას არა მარტო სიტუაცია, არამედ პროცესებიც სურვილისამებრ მართოს. ოპოზიციის ერთადერთი შესაძლებლობა კი ამომრჩეველთან მუშაობა და მისთვის პოზიტიური სახის ჩვენებაა. როდესაც ამის ნაცვლად ხელოვნურად იწყებ რეალობის შექმნას, მერე თავადვე მისი მძევალი ხდები. ასე დაემართა დღეს ოპოზიციას და ამიტომ არის დიფერენცირებული და ჩამოუყალიბებელი. ჰაერში დარჩენილმა ოპოზიციამ ახლა გადაჯგუფება დაიწყო. ეს ყველაზე მეტად ეტყობა “ნაციონალურ მოძრაობას”, სადაც დღემდე მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს პრიორიტეტი: ქუჩიდანაც უნდა იბრძოლონ თუ არა, უნდა შესულიყვნენ პარლამენტში თუ არა, უნდა მოეწერათ ხელი მიშელის დოკუმენტისთვის თუ არა და ა.შ. ახლა ოპოზიციისთვის ერთადერთი გამოსავალი რეალობის ობიექტურად გაანალიზებაა. მანამდე კი “ოცნება” მომგებიან სიტუაციაში იქნება. რა სჭირს ჩვენს ოპოზიციას, ხომ ხედავენ, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მათი რეიტინგი დაბლა იწევს. ამას სააკაშვილის ფაქტორიც ემატება, რომელიც ციხიდან პოლიტიკურ პროცესში ჩართვას ცდილობს, თუმცა არცთუ შედეგიანად. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება რატომ წავა დათმობაზე ოპოზიციასთან?! მშვენივრად ხვდება, რომ ქუჩის პროტესტი თუ აქამდე ვერ აგორდა, არც უახლოეს მომავალში აგორდება. თუ მაინც გამოვიდა ხალხი ქუჩაში სოციალური, ეკონომიკური მოტივით ან სხვა მიზეზით, მოსახლეობა წინამძღოლად ამ ოპოზიციას არ დაიყენებს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წვრილ პარტიებს სულ ვაფრთხილებდით, რომ ამომრჩეველს დაკარგავდნენ. ახლა მათაც უნდა იფიქრონ, საზოგადოების რა სეგმენტზე აპირებენ მუშაობას.
და კიდევ, ძალიან საინტერესო რამ თქვეს ხელისუფლების ლიდერებმა. ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს. თქვა, რომ “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და ყველა ვარიანტს იმის მიხედვით განიხილავენ, თუ რა ვითარება იქნება 2024 წლის წინა პერიოდში. პროცესი ხელში უჭირავთ – თუ ნახავენ, რომ 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში 50%+1 მანდატს ვერ მიიღებენ, მაშინ დათმობაზე წავლენ. ასე მათთვის პარლამენტში წვრილი პარტიების ყოფნა მისაღები გახდება, მათთან კოალიციაში უმრავლესობას შექმნიან. თუ ნახავენ, რომ 50%+1-ს 5%-იანი ბარიერის შემთხვევაშიც მიიღებენ, მაშინ 5%-იან ბარიერს დატოვებენ. ეს ოპოზიციამ უნდა გათვალოს, ყველანაირი ვერსია უნდა განიხილოს. ესენი კი ისევ ერთ ქოლგაზე საუბრობენ. რაც შეეხება ერთი ქოლგის ქვეშ ოპოზიციის გაერთიანების იდეას – გავიგე, რომ სწორად შეაფასეს “ლელოს” ლიდერებმა და სხვებმაც ვითარება, ახლა ის არის საკითხავი, რამდენად სწორ სვლას გააკეთებენ. მესმის მათი, როდესაც ამბობენ, დასავლეთთან ვიმუშავებთ და მის მხარდაჭერას მოვიპოვებთო, მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მსოფლიოში დღევანდელი ვითარება. რუსეთ-უკრაინის ომი რომც არ დაიწყოს, დასავლეთს ახლა ისეთი თავსატეხი აქვს, რომ ჩვენს ოპოზიციონერ ლიდერებს მხოლოდ მის იმედად ყოფნა არ არგებს. უპირველესად კი ამომრჩევლის ნდობა უნდა აღიდგინონ. ისეთი მიმართულებით უნდა დაიწყონ მუშაობა, რომ თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, 5%-იანი ბარიერის გადალახვა მოახერხონ. ამის შემდეგ სწორად უნდა გაჰყვნენ პოლიტიკურ პროცესებს. სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული იქნება. ყველაზე მთავარია, წაგებულ თამაშში არ ჩაებან.
“ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ისეთი მხარდამჭერები, რომლებსაც შეუძლიათ ყველა ანათემას გადასცენ, ვინც სააკაშვილს ერთ ღერ თმასაც კი გაუჭაღარავებს. თუმცა ჰყავს ისეთი მხარდამჭერებიც, რომლებიც სიტუაციას ადეკვატურად აფასებენ. როგორმე უნდა შეთანხმდნენ, რომ შიდა დაპირისპირება დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამომრჩეველს დაკარგავენ. იმაშიც დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რაც უფრო აქტიური იქნება სააკაშვილი, მით მეტად დაკარგავს “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ რეიტინგს. თავად სააკაშვილსაც სჭირდება ჩამოყალიბება. უკრაინას სააკაშვილისთვის ახლა არ სცხელა, არც დასავლეთს. ამიტომ მისი ზედმეტი აქტიურობა სხვაგვარ განცდას ტოვებს. რამდენჯერ უნდა გაუცრუოს იმედი თავის ელექტორატს?! ერთხელაც ისე იზამს, რომ ეს ელექტორატი ან საერთოდ აღარ მივა არჩევნებზე, ან სხვა პარტიას დაუჭერს მხარს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმას მაინც მიაქციონ ყურადღება, რამდენი ხალხი მივიდა საქალაქო სასამართლოსთან, როდესაც სააკაშვილმა პირველად ისარგებლა სიტყვით გამოსვლის უფლებით, და რამდენი კაცი მივიდა ამ რამდენიმე დღის წინ? მესამედ რომ გამოვა, შეიძლება ორი კაციც აღარ მივიდეს. ამას ხვდება ხელისუფლება და შესაბამის დასკვნებსაც აკეთებს და ესენი რატომ ვერაფერს ხვდებიან? თუ ხელისუფლებას დასჭირდება სააკაშვილის თემის ტრიალი, მაშინ მმართველი გუნდი სააკაშვილის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ხმას მისცემს. ამ საქმეში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია: ტერმინებს “არაადამიანური მოპყრობა” და “შიმშილობა” ქართველი ხალხი და დასავლეთი სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. ქართველ კაცს რომ ეტყვი, ყოფილმა პრეზიდენტმა 50 დღე იშიმშილა, მაგრამ იღებდა ისეთ საკვებ დანამატებს, რომელთა მიღება შიმშილობის დროს დაშვებულია საერთაშორისო სტანდარტებითო, ის არ დაგიჯერებს. სტრასბურგში კი ეს იმუშავებს. ესეც ვთქვათ – მართლაც ცუდი სანახავი იყო ექსპრეზიდენტის გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შეყვანის ჩანაწერი, მაგრამ თუ პატიმარი არ ემორჩილება ბადრაგის მოთხოვნას, რა ქნას ბადრაგმა? ეს ნიუანსებია, მაგრამ ნიუანსები ქმნის დიდ სურათს. ასე რომ, კომისია რომც შეიქმნას და სააკაშვილის ციხეში გადაყვანის ფირიც გამოქვეყნდეს, ისეთ ეფექტს ვერ გამოიწვევს, რომ ხალხი ქუჩაში გამოვარდეს და სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვოს. მე არც ის გამკვირვებია, რომ “ოცნების” მაღალჩინოსნების სასახლეების სურათების ფრიალს ეფექტი არ მოჰყვა. იმიტომ, რომ მეორე დღესვე გამოქვეყნდა სააკაშვილის დედის, ქალბატონი გიული ალასანიას ქონების სია. როგორც ვნახეთ, ტექნიკური უნივერსიტეტის ნახევარი მისი ყოფილა. ამას გარდა, უგულავა იმას რომ გეტყვის, 50 მილიონი სახლში არ წამიღია, მაგრამ არაკანონიერად დავხარჯეო, ხომ სასაცილოა?!”, – აცხადებს ძაბირაძე.