ზელენსკიმ კიევში, უახლოეს დღეებში, ბაიდენი მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისში ამერიკელ კოლეგასთან მისი სატელეფონო საუბრის დეტალები გაასაჯაროეს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის საიტზეა აღნიშნული, პოლიტიკოსებმა უსაფრთხოების ვითარების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს და დეესკალაციის გზები განიხილეს. ზელენსკიმ დაარწმუნა კოლეგა, რომ უკრაინა მზად არის მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის.

“ჩვენ შევაჩერებთ ნებისმიერ ესკალაციას უკრაინის მიმართულებით. უკრაინის დედაქალაქი, კიევი, ჩვენი სახელმწიფოს სხვა ქალაქები – ხარკოვი და ლვოვი, დნეპრი და ოდესა – უსაფრთხო და საიმედო დაცვის ქვეშ არიან”, – თქვა მან.

მან ასევე მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებსა და პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს ხელს შეუწყობს უკრაინელებში პანიკის არიდებას.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა უკრაინის უსაფრთხოების ეფექტური გარანტიების მიწოდების მნიშვნელობაზე.

„ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ისინი სხვადასხვა ფორმატში“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტებმა განიხილეს სამშვიდობო პროცესის განბლოკვისა და სტაბილურობის აღდგენის მიზნით, პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა. ლიდერებმა ასევე განიხილეს სანქციები, რუსეთის მხრიდან აგრესიის ესკალაციის შემთხვევაში.

უკრაინის პრეზიდენტმა შეაფასა აშშ-სთან აქტიური თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, რაც ხელს უწყობს უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას.

“ჯერჯერობით, ჩვენ არ ვართ ნატო-ს წევრი. ამიტომ, მხოლოდ ძლიერი უკრაინული არმია არის ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გასაღები”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, მათ განიხილეს უკრაინის ფინანსური და ენერგეტიკული მდგრადობის გაუმჯობესება მიმდინარე გამოწვევების ფონზე.

ასევე, საუბრისას, ზელენსკიმ ჯო ბაიდენი მიიწვია უკრაინაში.

“დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ჩამოსვლა კიევში უახლოეს დღეებში, რომლებიც გადამწყვეტია სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, იქნება ძლიერი სიგნალი და ხელს შეუწყობს დეესკალაციას”, – უთხრა მან კოლეგას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები