გია ხუხაშვილი: დღეს ისეთი ვითარებაა, ჩვენი ქვეყნის ბედი, განვითარების ვექტორი და მომავალი მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში
ექსპერტი, გია ხუხაშვილი რეგიონში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური პროცესი მოსპო, რაშიც დიდი წვლილი ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც შეიტანა.
“ვითარება ნამდვილად რთულია და განმუხტვის დიპლომატიური რესურსი თითქმის აღარ ჩანს. სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ მხარეების წინააღმდეგობა ატარებს არა რაციონალურ, არამედ მსოფლმხედველობრივ ხასიათს. ერთი მხრივ, არის დასავლური მიდგომა – ქვეყნების სუვერენული უფლებების აღიარება და თანასწორუფლებიანობა, მეორე მხრივ კი გასული საუკუნის გადმონაშთი ე.წ. რეალური პოლიტიკა, როდესაც სამყარო იყოფა გავლენის სფეროებად და ძლიერები განსაზღვრავენ სუსტების ბედს. სწორედ ეს არის რუსული მიდგომა. ეს იმდენად შეუთავსებელი დამოკიდებულებებია, რომ შეთანხმება თითქმის შეუძლებელი ჩანს. დათმობისთვის სივრცე ძალიან შეზღუდულია და ვხედავთ, რომ ფსონები ორივე მხრიდან ძალიან მაღლა იწევს. ორიოდე დღის წინ რუსეთმა უარი თქვა დასავლეთის წინადადებების გაცნობაზე, არც ჩაიბარეს… ბუნებრივია, ეს ზრდის რისკებსა და ნეგატიურ მოლოდინს.
მე მგონია, რომ ოლიმპიადის პერიოდში არაფერი მოხდება, რადგან რუსეთისთვის ამ ეტაპზე ჩინეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩინეთისთვის კი პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ოლიმპიადამ საზეიმო და პოზიტიურ ვითარებაში ჩაიაროს და ის არ გადაფაროს ნეგატიურმა პროცესებმა. აი, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი, თუ მანამდე რაიმე გამოსავალი არ მოიძებნა, ვფიქრობ, სამხედრო დაპირისპირება გარდაუვალი იქნება.არა მგონია, რუსეთს უკრაინის სრული ოკუპაცია სურდეს. რუსები არც ისეთი გიჟები არიან, რომ ამაზე წავიდნენ. მათ, სავარაუდოდ, პრეტენზია ექნებათ დონბასის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებში ინტეგრაციაზე, შესაძლოა შევიდნენ იმ ტერიტორიებზეც, სადაც პრორუსული განწყობები მეტ-ნაკლებად არის. სამხრეთ რეგიონებს ვგულისხმობ: ნიკოლაევს, ხარკოვს, დნეპროპეტროვსკს, ზაპოროჟიეს, ხერსონს, ოდესის ოლქს, ჩემი აზრით, ეს მაქსიმუმია, რაზეც შეიძლება წავიდნენ. არ გამოვრიცხავ, წაიწიონ მაქსიმალურად წინ და შემდგომ, როგორც ახასიათებთ, უკან დაიხიონ როგორც მოხდა საქართველოში – გორსა და ხაშურში იდგნენ და მერე უკან დაიხიეს. მოგეხსენებათ, რუსეთს მოლდოვაში დნესტრისპირეთთან აქვს სახმელეთო კომუნიკაციის პრობლემა. ეს არის რეგიონი, რომლითაც კრემლი არ აძლევს მოლდოვას ნორმალური განვითარების საშუალებას. ყირიმთანაც არა აქვთ ნორმალური კავშირის საშუალება, თუ ხიდს არ ჩავთვლით. ასე რომ, ლოგიკურია ყველაფერი იმ სცენარით განვითარდეს, რომელზეც უკვე ვილაპარაკე. მაგალითად, სწორედ ხერსონით შეძლებენ ყირიმთან სახმელეთო კავშირს. სამწუხაროდ, ვითარებიდან კომპრომისული გამოსავალი ჯერ არ ჩანს. რუსეთი საკითხს ძალიან ხისტად აყენებს, შესაბამისად, პროცესი ჩიხშია შესული. იმედი ვიქონიოთ, რომ კომპრომისი მოხერხდება. თუმცა ფაქტია, ამისთვის სივრცე სულ უფრო ვიწროვდება. არგუმენტი, რაც ბოლოს კრემლმა წარმოადგინა, არის ყირიმის თემა, რომელსაც რუსეთი საკუთარ შემადგენლობაში განიხილავს, უკრაინა და მთელი ცივილიზებული მსოფლიო კი უკრაინის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.
მოვისმინეთ პუტინის განცხადება, უკრაინა ნატოში რომ შევიდეს და ყირიმზე სამხედრო პრეტენზია განაცხადოს, ნატოს უნდა ვეომოთო? მისი პოზიცია ასეთია – თუ არ გინდათ მსოფლიო ომი, მაშინ მოგვეცით გარანტია, რომ უკრაინა არ შევა ნატოშიო. ამაზე ჯერჯერობით დასავლეთი პირდაპირ არ პასუხობს. რუსეთისა და ცივილიზებული სამყაროს პოზიციები სრულიად აცდენილია, მათი დაახლოება კი სრულიად წარმოუდგენელი ჩანს. შესაბამისად, ვითარება დრამატულია. დასავლეთი ცდილობს ეს ვითარება ისევ კონსერვაციის რეჟიმში გადაიყვანოს, დარჩეს უკრაინა იმ მოცემულობაში, რაშიც არის საქართველო, როდესაც საერთაშორისო სამართლით გვაქვს სხვა ტერიტორია და დე ფაქტო – სხვა, მაგრამ რუსეთი ამაზე უკვე აღარ არის თანახმა… გეთანხმებით, რომ ეს ნამდვილად ვერ იქნება ბლიცკრიგი. გარდა ამისა, ერთია ტერიტორიების დაპყრობა და მეორე – შენარჩუნება. რუსეთს აუცილებლად შეექმნება დიდი პრობლემა. ის უკრაინისგან ნებისმიერ შემთხვევაში დიდ და გრძელვადიან წინააღმდეგობას უნდა ელოდოს. ვითარებას ართულებს ისიც, რომ ამ საკითხისადმი ევროპაში განსხვავებული დამოკიდებულებაა. ერთი მხრივ, ძალიან პრინციპულია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის პოზიცია, მაგრამ შედარებით უფრო რბილი და ფრთხილია დასავლეთ ევროპის ნაწილი, რომელსაც სხვა პრობლემები აქვს. გარდა იმისა, რომ ისინი ევროპაში ომს ძალიან უფრთხიან, ასევე აქვთ ენერგეტიკული უსაფრთხოების დიდი პრობლემა. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში ევროპა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებზე. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ მიწოდების ალტერნატიული გზების ოპერატიულად გამონახვას, ამ მიზნით მიმდინარეობს მოლაპარაკებები კატართან, აშშ-თან თუ აზერბაიჯანთან (ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოსთვის), ეს პრობლემა სწრაფად ვერ მოგვარდება. რუსეთს ეს კარგად ესმის, ამიტომაც აჩქარებს დასავლეთს გადაწყვეტილის მიღებას. კრემლში მიიჩნევენ, რომ საქმე გაზაფხულამდე არ უნდა გადადონ. მოგეხსენებათ, გაზაფხულზე გაზზე მოთხოვნა იკლებს და დასავლეთსაც შეეძლება უფრო მეტი პრინციპულობის გამოჩენა. მოკლედ, ასეთი მძიმე თამაში მიდის, რაც უკვე ენდშპილშია გადასული.
დღეს ისეთი ვითარებაა, ჩვენი ქვეყნის ბედი, განვითარების ვექტორი და მომავალი მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში. დიახ, რაც მოხდება უკრაინაში, რაღაც ინტერვალის შემდეგ აუცილებლად განმეორდება საქართველოში. აქედან გამომდინარე, უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება, ერთი მხრივ, გასაკვირია, მაგრამ ამასთან, გასაგებიც არის. ჩვენ უნდა ვიკითხოთ, რა ხალხია დღეს ხელისუფლებაში? – ეს არის ჯგუფი, რომელსაც არა აქვს პრინციპული ფასეულობათა სისტემა. მათთვის მთავარი ფასეულობაა ძალაუფლება და ამ პრიზმაში უყურებენ ქვეყნის მოკლე თუ გრძელვადიან განვითარებას. ჩვენი სახელისუფლებო ელიტა ასეთ პოლიტიკას ატარებს – დიდი ქვეყნები ერთმანეთში რაღაცას იყოფენ, ჩვენ მივყვეთ დინებას და სადაც გაგვრიყავს, იქ ვიქნებითო. მიუხედავად იმისა, რომ ვერბალურად მუდმივად გამოხატავენ, რომ ჩვენი არჩევანი ევროატლანტიკური სივრცეა, ჩვენში მმართველობითი სისტემა ისეა ფორმირებული, მათ განცხადებებში შეიძლება ეჭვი შეიტანო, რადგან დღეს ქვეყანაში ეს სისტემა რუსულ მოდელზე უფროა აწყობილი, ვიდრე დასავლურზე. ახლა რა პოლიტიკური პროცესიც მიდის ქვეყანაში, როდესაც “ქართული ოცნება” ცდილობს გახდეს სამუდამოდ დომინანტური პარტია და ოპოზიციაში სურს მხოლოდ ისეთი პარტიები, რომლებიც დემოკრატიის ფასადს შეუქმნიან, ეს არის წმინდა რუსული მოდელი, სადაც არის ერთი დომინანტი და სამი ე.წ. ოპოზიციური პარტია და ამ მოდელს რუსები უწოდებენ “სუვერენულ დემოკრატიას”, სრულიად ცხადია, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკა სწორედ ამ მოდელზე დადის. ასე ვერ გამოვა, ტანით ერთ ბანაკში იყო, მენტალობით კი _ სხვაგან, მით უფრო, რომ მსოფლიოში ფრონტის ხაზი გატარებულია. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც იბრძოლებს დასავლური არჩევნისთვის. პრორუსები არ არიან, მაგრამ არც პროდასავლელები არიან.
პოლიტიკის მათებური გაგება გაორებულია – სურთ იყვნენ ევროპაში, ლაპარაკობენ ამაზე, მაგრამ ამას უყურებენ მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის თვალსაზრისით. საქართველოს ხელისუფლება ასე ფიქრობს და ამას ნერგავს ხალხშიც _ დიდი ბიძიები ჩხუბობენ, ჩვენ პატარები ვართ და ვინმეს თვალში ცუდად რომ არ მოვხვდეთ, ჩუმად ვიყოთო. სხვათა შორის, ამ პროპაგანდით შედეგსაც იღებენ, იმიტომ, რომ ეს განწყობა საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში დანერგეს. ისინი ქმნიან ერთგვარ ილუზიას, რომ დათვს თუ მოეფერები, ის შენს ლოიალურობას დააფასებს და არ შეგჭამს, სინამდვილეში კი, როდესაც დათვს ეფერები, ამას სისუსტეში გითვლის და უფრო გემრიელად შეგახრამუნებს. მოკლედ, ჩვენი ხელისუფლება კაპიტულანტურად არა მარტო თვითონ არის განწყობილი, არამედ ამგვარ განწყობებს ხალხშიც ნერგავს, რაც ყველაზე სახიფათოა. მათი ლაპარაკის ქვეტექსტი ასეთია – მთავარი ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაა და თუ ამას დასჭირდება ვიყვიროთ “გაუმარჯოს ნატოს!”, ვიყვირებთ, თუ დასჭირდება იმის ძახილი, “გაუმარჯოს წითელ არმიას!”, ამასაც დავიძახებთო. ასეთ ტრაგიკულ მდგომარეობაში ვართ… დასავლეთში კითხვის ნიშნები ჩნდება ჩვენი ხელისუფლების პოზიციებზე. ჩვენი ხელისუფლების მიზანია როგორმე გააჯანჯლოს პროცესები მანამდე, სანამ ვითარება გაირკვევა. მათ ხომ სურთ გამარჯვებულის მხარეს იყვნენ? იქით დადიან, დასავლეთს ერთგულებას ეფიცებიან, აქეთ რუსეთს თვალს უპაჭუნებენ. ეს უპრინციპო, ვირეშმაკური თამაშები დღევანდელ სამყაროში, როდესაც ფრონტის ხაზი უკვე გავლებულია, ერთ მშვენიერ დღეს ძალიან ძვირი დაგვიჯდება.
ხელისუფლებამ პოლიტიკური პროცესი მოსპო, მაგრამ ამაში დიდი წვლილი შეიტანა მიხეილ სააკაშვილმაც. მისი ჩამოსვლის დღიდან მოყოლებული, ფაქტობრივად, გაიყინა პოლიტიკური პროცესი და მთავარი გახდა მასთან დაკავშირებული ვითარება… ყველაზე პერსპექტიული პროექტი, ჩემი აზრით, იყო სწორედ მელიას მიერ წარმოდგენილი თბილისის კოალიციური მთავრობა, რომელშიც საერთოდ არ შეიმჩნეოდა “ნაციონალური მოძრაობის” დომინირება. ეს იყო სწორი და პერსპექტიული გზა. ამით ეცლებოდა “ქართულ ოცნებას” საფუძველი იმის ძახილისთვის, მხოლოდ ჩემსა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის გაქვთ არჩევანიო. მიხეილ სააკაშვილის კონცეფცია კი გულისხმობდა და გულისხმობს სხვა პარტიებთან თანამშრომლობას, მაგრამ იმ დათქმით, რომ “ნაცმოძრაობა” იყოს დომინანტური და თანაც ბელადზე ორიენტირებული. ამ კონცეფციით, რომელიც აქამდეც არაერთხელ გვინახავს, სააკაშვილმა წარსულში დაგვაბრუნა, რითაც ხელისუფლებამ კარგად ისარგებლა და დღესაც სარგებლობს. ყველა ის თემა, რომლებიც შეიძლებოდა გამხდარიყო ოპოზიციური ელექტორატის კონსოლიდაციის საფუძველი, ტოტალური მოსმენები, შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევა და ა.შ., დღის წესრიგიდან გაქრა და დარჩა ერთადერთი თემა – მიხეილ სააკაშვილი. რაც შეეხება კითხვას, კომისიის შექმნის შემდეგ რას ელოდებიან – არც არაფერს, ორკვირიანი ლაი-ლაი იქნება, რაც ისევ მნიშვნელოვანი თემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას მოემსახურება. რა თამაშსაც “ნაციონალური მოძრაობის” ე.წ. მიშას ფრთა თამაშობს, არის ხელისუფლების თამაში. არ ვამბობ, რომ შეგნებულად აკეთებენ ამას და გარიგებული არიან, მაგრამ ბუნებრივად გამოსდით ასე. არ ვიცი, ნიკა მელია წავა თუ არა “ნაციონალური მოძრაობიდან”, შეიძლება წავიდეს კიდეც. ფაქტია, იქ სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა, შეიძლება პარტია გაიყოს კიდეც, მაგრამ ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება შეთანხმდნენ. იმედია, ესმით, რომ დღეს გაყოფა პარტიის ყველა მხარეს დააზიანებს”,- აცხადებს ხუხაშვილი.