უკრაინა უახლოეს 48 საათში რუსეთთან სასწრაფო შეხვედრას ითხოვს
უკრაინის მახლობლად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების კონცენტრაციასთან დაკავშირებით, კიევი ითხოვს სასწრაფო შეხვედრას რუსეთსა და ვენის დოკუმენტში მონაწილე სხვა ქვეყნებთან.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ Twitter-ზე დაწერა.
მინისტრის თქმით, რუსეთს, ვენის დოკუმენტის ფარგლებში, ადრე გამოყოფილი 48 საათის განმავლობაში არ წარუდგენია მონაცემები თავისი ჯარების შესახებ.
”რუსეთმა არ უპასუხა ჩვენს მოთხოვნას ვენის დოკუმენტთან დაკავშირებით. ჩვენ ვდგამთ შემდეგ ნაბიჯს. უკრაინა ითხოვს შეხვედრას რუსეთის ფედერაციასა და ყველა მონაწილე სახელმწიფოსთან უახლოესი 48 საათის განმავლობაში, რომ განიხილონ რუსული ჯარების გაძლიერება და გადაადგილება ჩვენს საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ყირიმში“, – დაწერა კულებამ.
მან დასძინა, რომ თუ „რუსეთი სერიოზულად ეკიდება თავის სიტყვებს, ეუთო-ს სივრცეში უსაფრთხოების განუყოფელობის შესახებ მან უნდა შეასრულოს სამხედრო გამჭვირვალობის ვალდებულებები, რომ შეამციროს დაძაბულობა და გააძლიეროს უსაფრთხოება ყველა მონაწილე სახელმწიფოსთვის“.
ორი დღით ადრე, უკრაინამ მიმართა რუსეთს თხოვნით, მიეწოდებინა დეტალური ახსნა-განმარტება უკრაინის მიმდებარე ტერიტორიებზე და დროებით ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით.
კულებას თქმით, ვენის დოკუმენტის დებულებების მიხედვით, რუსეთის ფედერაციამ უნდა მიუთითოს სამხედრო მოქმედებების წარმოების ზუსტი ტერიტორიები, მიუთითოს მისი დასრულების თარიღები, აგრეთვე, სამხედრო ფორმირებების დასახელება, დაქვემდებარება და რაოდენობა; გარდა ამისა, იარაღსა და სამხედრო ტექნიკის ტიპების შესახებ ინფორმაცია.