ზელენსკი: პანიკის გარეშე, ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, არავისი გვეშინია

ვმოქმედებთ ჩვენი გეგმის შესაბამისად, ასე რომ არავისი გვეშინია, პანიკის გარეშე, ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს ხერსონის ოლქში განუცხადა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეროვნული გვარდიის ერთობლივ წვრთნებს დაესწრო.

“ჩვენ ყველას გვესმის, რომ “სიურპრიზები” ნებისმიერ დროს შეიძლება იყოს. ჩვენ საკუთარ ძალებს უნდა ვენდოთ. გვესმის, რომ ასეთი რამ გაუფრთხილებლად ხდება, ამიტომ ყველაზე მთავარია მზად ვიყოთ ყველაფრისთვის. სწორედ ამაზე ვმუშაობთ. ჩვენ ყველა ნაბიჯისთვის მზად ვართ, ნებისმიერი მხარისგან, საზღვრიდან. ვფიქრობ, ჩვენი სპეციალისტები და ჩვენი გუნდი, სამინისტრო, ჩვენი სამხედროები ძალიან მაღალ დონეზე არიან მომზადებულები. სწორედ ამ მაღალი დონის დემონსტრირება იყო დღეს, ეს წვრთნები”, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლის ინფორმაციაზეც, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა გარდაუვალია, ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ვერ დაეთანხმება ან უარყოფს იმას, რაც ჯერ არ მომხდარა.

„ვთვლი, რომ საინფორმაციო სივრცეში ძალიან ბევრი ინფორმაციაა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის შესახებ, საუბრობენ თარიღებზეც. გვესმის, რომ საფრთხე არსებობს. თუ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია, რომ 16 თებერვალს მოსალოდნელია თავდასხმა, მაშინ მოგვაწოდეთ. ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ და ვაანალიზებთ. მე ვერ დავეთანხმები ან უარვყოფ იმას, რაც ჯერ არ მომხდარა“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, უკრაინაში მყოფ ამერიკის რიგით მოქალაქეებს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ გუშინ მოუწოდა. მოგვიანებით, მსგავსი განცხადება სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, ნებისმიერ წუთს, თუნდაც ოლიმპიადის მიმდინარეობისას შეიჭრას.

ამასთან, უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყნებიც.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები