Süddeutsche Zeitung: ნატო-ში შეთანხმდნენ ჯარების განთავსებაზე რუმინეთში, ბულგარეთსა და სლოვაკეთში
ნატო-ს 30-მა წევრმა ქვეყანამ მიმდინარე კვირას წერილობით დაამტკიცა გადაწყვეტილება რუმინეთში, ბულგარეთსა და სლოვაკეთში სამხედრო კონტინგენტების განლაგების შესახებ.
აღნიშნული გამოწვეულია რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების მობილიზებით, – წერს Süddeutsche Zeitung.
დაგეგმილია, რომ მოკავშირეთა შეთანხმებები 16 თებერვალს ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე დადასტურდება, რის შემდეგაც გადაწყვეტილება ოფიციალურად გახდება ცნობილი.
გეგმები შეიძლება, უკვე გაზაფხულზე განხორციელდეს.
ამჟამად, “მთავარი სამხედრო კონტინგენტები” განთავსებულია ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და პოლონეთში განლაგებულია.
დღეს ალიანსის გენერალურ მდივანი, იენს სტოლტენბერგი რუმინეთში, მიხაილ კოგელნიჩანუს სახელობის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ ნატო-მ შესაძლოა, დამატებითი კონტინგენტი განათავსოს შავი ზღვის ქვეყნებში.
“ჩვენ უკვე გავაძლიერეთ ჩვენი ყოფნა, მაგრამ განვიხილავთ შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობას, მათ შორის, საბრძოლო ჯგუფების განლაგებას რუმინეთში. მაგრამ არა მხოლოდ იქ, არამედ – შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებშიც”, – თქვა მან.
აღმოსავლეთის მიმართულებით ალიანსის გაძლიერების საბოლოო გადაწყვეტილებას მისი წევრები უახლოეს თვეებში მიიღებენ.
„ეს საკითხი განიხილება თავდაცვის მინისტრების მომდევნო შეხვედრაზე. მე ველი, რომ მინისტრები შეთანხმდებიან, დაიწყონ დაგეგმარება, მასშტაბების განსაზღვრა, დეტალებზე ფიქრი, თუ როგორ განლაგდეს საბრძოლო ჯგუფები. საბოლოო გადაწყვეტილება, ვფიქრობ, შეიძლება, იყოს მიღებული გაზაფხულზე“, – განაცხადა სამხედრო ბლოკის ხელმძღვანელმა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ძალების გაძლიერება უკავშირდება „უკრაინის მახლობლად და მის ტერიტორიაზე სამხედრო ყოფნის გაძლიერებას“.
“ევროპაში არის ახალი შეიარაღებული კონფლიქტის რისკი. რუსული ჯარების რაოდენობა კვლავ იზრდება”, – დასძინა სტოლტენბერგმა.