სრულიად საქართველოს მუფთმა მუსლიმებს მოთმინებისკენ მოუწოდა
სრულიად საქართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ დღეს ბათუმის ორთა ჯამეში რამაზან-ბაირამის დღესასწაულზე საზეიმო ლოცვა აღასრულა. მუფთმა სრულიად საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს, ქართველ სუნიტებსა და შიიტებს რამაზან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. ჯემალ პაქსაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გუშინ გამართული საზეიმო ვახშამის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზეიმო ღონისძიებაზე “ნახევარსაუკუნოვანი საკითხები გადაწყდა”. მუფთმა მეჩეთის მშენებლობის საკითხზე მრევლს მოთმინებისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელისუფლების დანაპირები შესრულდება.
“ბაირამს წინ უძღოდა ერთთვიანი მარხვა დილის გარიჟრაჟიდან საღამოს დაბინდებამდე. ამ ცხელ დღეებში მრევლი დაახლოებით 18 -საათიან მარხვას ასრულებდა, საღამოობით კი 30-მუხლიან ლოცვებს აღავლენდა. განურჩევლად ერისა და რწმენისა, ვისურვებდი, საქართველოში ყოფილიყოს ურთიერთისადმი სიყვარული, პატივისცემა და თანაგრძნობა. წუხელ დედაქალაქში ვიმყოფებოდით, სადაც პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასულიერო პირები ვახშამზე მიგვიწვია. ძალიან კმაყოფილი დავბრუნდით, ნახევარსაუკუნოვანი საკითხები გაადწყდა. მან გაახარა ჩვენი მრევლი და სამუფთო სამმართველო. ყოველ დღე დავიღალეთ შეკითხვებით, როდის გაკეთდებოდა და გაკეთდებოდა თუ არა მეჩეთი. ეს არის დემოკრატიისა და დღევანდელი ხელისუფლების წინგადადგმული ნაბიჯი. კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი გულწრფელობა და საზოგადოების ნდობა. დალოცვილი ყოფილიყოს თითოეული თანამდებობის პირი, განსაკუთრებით – საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ჩვენ გვწამს, რომ შესრულდება დანაპირები და გაკეთდება მეჩეთი. მრევლს მოვუწოდებ მოთმინებისკენ. ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც უნდა მრევლს და როგორც შეეფერება ღვთისმსახურებას”, – აღნიშნა ჯემალ პაქსაძემ.