ბაიდენმა აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში მყოფ ამერიკელებს მოუწოდა, სასწრაფოდ დატოვონ ქვეყანა, რუსეთთან ომის საფრთხის გამო.
”ამერიკის მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ უკრაინა. ჩვენ საქმე გვაქვს არა ტერორისტულ ორგანიზაციასთან, არამედ – მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს სხვა სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება, სწრაფად გამოვიდეს კონტროლიდან,” – თქვა მან NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამავე დროს, ბაიდენმა აღნიშნა, რომ მაშინაც კი, თუ ვლადიმერ პუტინი აღმოჩნდება „საკმარისად სულელი, რომ შეიჭრას, ის საკმარისად ჭკვიანია, რომ არ გააკეთოს ის, რაც უარყოფითად იმოქმედებს ამერიკელ მოქალაქეებზე“.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში არ არის მზად, უკრაინაში გაგზავნოს ამერიკელი სამხედროები აშშ-ის მოქალაქეების ევაკუაციისთვის.
„როდესაც ამერიკელები და რუსები ურთიერთსროლას დაიწყებენ, ეს იქნება მსოფლიო ომი“, – განმარტა ბაიდენმა.
ანალოგიური განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტშიც გაკეთდა.
საკონსულო საქმეთა ბიურომ მოუწოდა ამერიკელ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ უკრაინაში სტუმრობისგან, ხოლო ვინც ამჟამად იმყოფება, დატოვონ ქვეყანა.
მათ კი, ვინც უკრაინაში დარჩენას გადაწყვეტს, მოუწოდებენ, გამოიჩინონ სიფრთხილე „დანაშაულის, არეულობისა და პოტენციური საომარი მოქმედებების გამო, თუ რუსეთი ამას გადაწყვეტს”.