ლევან დავითაშვილი: მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის და გუნდის თითოეულ წევრს – თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეკონომიკის მინისტრის რანგში საზოგადოებას ბევრ სიახლეს შესთავაზებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის და გუნდის თითოეულ წევრს თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის, რომელიც წლების განმავლობაში მქონდა. ეს აუცილებელი პირობა იყო იმისთვის, რომ ჩვენ განგვეხორციელებინა რეფორმები სოფლის მეურნეობისა თუ გარემოს დაცვის მიმართულებით და სამინისტროს წარმატებით ემუშავა.
ასევე, მინდა, დიდი მადლობა  გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს, რომელთა ძალისხმევისა და ჩართულობის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ მივაღწევდით იმას, რასაც მივაღწიეთ გარემოს დაცვისა თუ სოფლის მეურნეობის რეფორმირების კუთხით. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნათია თურნავას იმ წარმატებული მუშაობისთვის, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე, რომელიც, როგორც თვითონაც აღნიშნა, ძალიან რთულ დროს დაემთხვა – პანდემიამ მთელი მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობა შეცვალა და განსაკუთრებული გამოწვევები შექმნა. პრემიერის ხელმძღვანელობით, ეკონომიკის სამინისტროს ძალიან დიდი ძალისხმევით, ჩვენ, ერთი მხრივ, შევძელით ეკონომიკის აღდგენა, ნამდვილად დავუბრუნდით პანდემიამდელ მაჩვენებელს, თუმცა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, გეგმები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, ნათია თურნავამ თანამდებობა დატოვა და პრემიერმინისტრმა ეკონომიკის მინისტრად ლევან დავითაშვილის კანდიდატურა დაასახელა, რომელსაც პარლამენტი უახლოეს სესიაზე კენჭს უყრის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები